უკრაინის დასახმარებლად პარტნიორებს აქვთ ყველაფერი, საჭიროა მხოლოდ გადაწყვეტილება - ვოლოდიმირ ზელენსკი

"უკრაინას შეუძლია შეაჩეროს რუსული ტერორი, შეუძლია დაიცვას ევროპისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების ცხოვრება ბოროტების გავრცელებისგან."

ომში უკრაინის დასახმარებლად "პარტნიორებს მთელ მსოფლიოში ყველაფერი აქვთ", - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

"მსოფლიოს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა ნებისმიერი რაკეტის, „შაჰედებისა“ და ტერორის სხვა საშუალებების შესაჩერებლად. მსოფლიოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილებები სჭირდება, რომლებსაც რეალური, საიმედო უსაფრთხოების დაბრუნება შეუძლია", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში.

უკრაინის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ უკრაინას შეუძლია არა მხოლოდ შეაჩეროს რუსული ტერორი და დაიცვას თავისი ცხოვრება, არამედ "დაიცვას მთელი ევროპისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების ცხოვრება ბოროტების გავრცელებისგან."

უკრაინის პრეზიდენტი აფრთხილებს პარტნიორებს, რომ მათი მხრიდან სამხედრო-ტექნიკური დახმარების დაყოვნების ყოველი დღე ნიშნავს უფრო მეტ დანგრეულ უკრაინულ ქალაქსა და სოფელს და დახოცილ ადამიანებს.

გასული წლის შემოდგომიდან, აშშ-ის კონგრესი რესპუბლიკელთა წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დამტკიცებას.

13 აპრილს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ "რესპუბლიკელები მზად არიან მხარი დაუჭირონ უკრაინისთვის დამატებით დახმარებას, თუ ის სესხის სახით იქნება გათვალისწინებული". ამ საკითხზე ტრამპმა თავის მარ-ა-ლაგოსის აგარაკზე გამართა კონსულტაციები წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, მაიკ ჯონსონთან. ერთობლივ ბრიფინგზე ტრამპმა განაცხადა, რომ ისინი ამ საკითხს "პირდაპირ ახლა განიხილავენ“ და ფიქრობენ, რომ ეს (დახმარება) კრედიტის სახით გააკეთონ და არა საჩუქრად.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინისათვის დახმარება კრედიტის სახით უნდა მოხდეს

კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა.

აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.

ასევე ნახეთ უკრაინა: საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, პარლამენტმა მობილიზაციის კანონი მიიღო