უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთი ამზადებს „პროვოკაციას“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

რუსმა სამხედროებმა შესაძლოა პროვოკაცია განახორციელონ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, - ამის შესახებ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით 14 აპრილს განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.

"რუსი ტერორისტები ემზადებიან მორიგი პროვოკაციის განსახორციელებლად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ეს იქნება კიდევ ერთი მორიგი ოპერაცია ყალბი დროშის ქვეშ", - ნათქვამია შეტყობინებაში.
აქ იგულისხმება ის, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა რამდენჯერმე სცადა პასუხისმგებლობის უკრაინისთვის დაკისრება და აცხადებდა, რომ ატომური ელექტროსადგურის ობიექტებს თავს უკრაინული დრონები ესხმოდნენ.

"ეს არის მიზანმიმართული რუსული ქმედებები, როდესაც ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის რისკით რუსეთი აგრძელებს ჩვენი სახელმწიფოსა და მთელი საერთაშორისო საზოგადოების შანტაჟის პრაქტიკას", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის გენერალური შტაბი ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ აეს-ის უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნებას შეუძლია უზრუნველყოს სადგურის უსაფრთხოება.

ასევე ნახეთ

პუტინმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურებას „დემილიტარიზაციის" პროცესის ნაწილი უწოდა

7 აპრილს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ევროპაში უდიდეს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. უკრაინა და რუსეთი ინციდენტზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

11 აპრილს უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების კრიტიკული საჭიროება აქვს. ზელენსკის განცხადებით, საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა სამხედრო მხარდაჭერა და არა თვალის დახუჭვა და ხანგრძლივი დისკუსიები.

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულია 2022 წლის გაზაფხულიდან.