„იმას, რაც ამ დარბაზში მოხდა, თავის სახელს დაარქმევს საზოგადოება. ამაში საზოგადოება იქნება მკაცრი, ჯანსაღი... აქ ბევრს გულში უხარია, გული მოეფხანა და ჰგონია, რომ წაახალისა ახლა „ქართულ ოცნების“ წევრებზე თავდასხმა. ემანდ, პირიქით არ გამოვიდეს ამ ინციდენტით წახალისება. ამიტომ მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ დავმშვიდდეთ ყველა მხარე...
უმრავლესობის ლიდერზე მოქნეული ხელი ჩვენ ყველას მოგვხვდა და ეს ჩვენი ღირსების საკითხია, მიუხედავად ამისა, მეც მივყვები მამუკას მდგომარეობას და ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა იყოს მშვიდობიანად. თუმცა სახელიც ყველაფერს უნდა დაერქვას... როგორც იმ კანონში ნახეთ რამე რუსული, ისე ჩემს გამოსვლაშია მუქარა“, - თქვა ბექა ოდიშარიამ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისი განცხადება არ შეიცავდა მუქარას.
დღეს, 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. აგენტების კანონის განხილვა დაიწყო. საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, რომელიც „აგენტების კანონს“ წარადგენდა, შეაგინა და სახეში მუშტი ჩაარტყა.
„შენი რუსი დედა მო***ან“, - ისმოდა ზუსტად იმ დროს, როცა ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს სახეში ურტყამდა ხელს.
ამ დაპირისპირებიდან რამდენიმე წუთში პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომა განახლდა. ტრიბუნაზე მომხსენებლად კვლავ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ავიდა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ალეკო ელისაშვილი მას „ქურდულად მიეპარა“ და ხელის დარტყმა „კაცობაში და ქართველობაში არ ზის".
„მე მუქარაზე არ გადავდივარ ქუჩური მეთოდებით, საკადრის პასუხის გავცემთ, მაგრამ ეს ვითომ კაცობას და ასეთი ტიპის მიპარვით, ქურდულ, არაკაცურ, ფლიდურ ძალადობას შობს ის ცრუ ნარატივი, რომელსაც აგერ ვხედავთ ჩვენს მიმართ და ვისზე ნალები პატრიოტები არიან უმრავლესობაში და ალეკო ელისაშვილია პატრიოტი? და აქ არაპატრიოტები არიან? და მართლა, რუსული ინტერესების გამტარებლები არიან? შევაკვდებით, პირველ რიგში, ჩვენ და მე პირადად შევაკვდები ნებისმიერს“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
ასევე ნახეთ ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სახეში მუშტი ჩაარტყასაქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.
დღევანდელი სხდომის გაშუქების შესაძლებლობა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეუზღუდა ონლაინმედიის წარმომადგენლებს.
პარლამენტის შენობის გარეთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები აპროტესტებენ განხილვას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტისა, რომელსაც რუსულ კანონს უწოდებენ. რუსეთში 2012 წელს მიღებული და წლების განმავლობაში დამძიმებული ანალოგიური კანონი სამოქალაქო საზოგადოების და მედიის დევნის საფუძველი გახდა.
საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობა 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო იძულებული გახდა "უცხოეთის აგენტების კანონი" ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.
ასევე ნახეთ სრული სიმართლე „აგენტების კანონზე“