მოსკოვსა და ნოვოსიბირსკში პოლიციამ დააკავა მოქალაქეები, რომლებიც პატივს მიაგებდნენ ნავალნის ხსოვნას

ალექსეი ნავალნი

მოსკოვის პოლიციამ დააკავა ორი ქალი, რომლებიც ბორისოვის სასაფლაოზე მივიდნენ გარდაცვლილი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად - იუწყება OVD-Info თვითმხილველზე დაყრდნობით.

პოლიციამ სასაფლაოზე ჯერ დააკავა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ექსტრემისტული სიმბოლოების ტარებაში დასდო ბრალი, - ამბობს თვითმხილველი. ამას მოჰყვა მეორე ქალის დაკავება, რომელმაც პოლიციას მოუწოდა, ახალგაზრდა ქალისთვის თავი დაენებებინათ.

ნოვოსიბირსკში პოლიციამ დააკავა ორი ქალი, რომლებიც ყვავილებით მივიდნენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალთან - ადგილთან, რომელსაც აქტივისტები ნავალნის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად იყენებენ.

4 ივნისს ნავალნის 48 წელი შეუსრულდებოდა.

ასევე ნახეთ ალექსეი ნავალნის დაბადების დღეს რუსეთსა და უცხოეთში მიმდინარეობს მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები