აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კონკურენტზე, დონალდ ტრამპზე, თავდასხმის მცდელობა და მოითხოვა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება 13 ივლისს პენსილვანიაში, საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას, მომხდარ სროლაზე. გამოძიების ფარგლებში გრძელდება თავდასხმის მოტივების ძიებაც.
"ამ ან სხვა ნებისმიერი სახის ძალადობის ადგილი ამერიკაში არ არის. თავდასხმა ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისთვისაც ჩვენ, როგორც ერი, ვიბრძვით.... ყველაფერს! - აღნიშნა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ოპერაციების ოთახში მიღებული მოხსენების შემდეგ და დასძინა, - მსროლელის მოტივებზე ჩვენ ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ ვიცით ვინ არის ის. მოგიწოდებთ ყველას, გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ვარაუდებს მისი მოტივებისა თუ მისწრაფებების შესახებ“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენი მოითხოვს, რომ გაანალიზდეს თავდასხმასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები, რადგან გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ნახევრად ავტომატური შაშხანით შეიარაღებული ადამიანი ასე მიახლოებოდა ყოფილ პრეზიდენტს. აშშ-ის პრეზიდენტების, ყოფილი პრეზიდენტების და სხვა მაღალჩინოსნების უსაფრთხოებაზე საიდუმლო სამსახურია პასუხისმგებელი.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განკარგულება გასცა, "ჩატარდეს დამოუკიდებელი ანალიზი იმისა, თუ როგორ იყო უზრუნველყოფილი ეროვნული უსაფრთხოება [ამომრჩევლებთან] წუხანდელ შეხვედრაზე, რათა დადგინდეს, თუ რა მოხდა“. ანალიზის შედეგად მიღებული დეტალები კი, ბაიდენის თქმით, უნდა გასაჯაროვდეს.
ბაიდენმა თავის გამოსვლაში აღნიშნა ისიც, რომ სროლის შემდეგ „მოკლე, მაგრამ სასარგებლო საუბარი“ ჰქონდა ტრამპთან, მაგრამ ამ საუბრის დეტალებზე არ უსაუბრია. „გულწრფელად მოხარული ვარ, რომ ის უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
უფრო ვრცელი სიტყვით ჯო ბაიდენი თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან 14 ივლისს, ადგილობრივი დროით 20 საათზე, მიმართავს მოსახლეობას.
მთელი დღის განმავლობაში, აშშ-ის ხელისუფლება ცდილობდა, დაედგინა დონალდ ტრამპზე პენსილვანიაში წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი თავდასხმის მოტივი.
FBI-ის ცნობით, ადამიანი, რომელიც ტრამპის მოკვლას ცდილობდა, წარმოშობით პენსილვანიელი, 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსია. სროლის შედეგად კრუქსმა აქციის ერთი მონაწილე მოკლა და ორი დაჭრა. თავად კრუქსი ადგილზე მოკლეს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა.
ასევე ნახეთ
FBI: იდენტიფიცირებულია ტრამპზე თავდამსხმელი - ის 20 წლის მეთიუ კრუქსიასროლის შედეგად დაღუპული მეორე ადამიანის ვინაობა მოგვიანებით პენსილვანიის გუბერნატორმა ჯოშ საპირომ გაამხილა. იგი აღმოჩნდა 50 წლის კორი კომპერატორე, რაიონული სახანძრო სამსახურის ყოფილი უფროსი.
ინციდენტიდან გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე ჩანს, რომ ტრამპი მარჯვნივ შებრუნდა, ხელი მარჯვენა ყურზე მიიდო და ჩაიმალა, როცა მის წინ საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები დაჯგუფდნენ ცოცხალი კედლის ფორმით.
ტრამპის მარჯვენა ყურზე სისხლი ჩანდა იმ მომენტში, როცა ის სცენიდან გაჰყავდათ და მანქანაში ჩაჯდომაში ეხმარებოდნენ. ექსპრეზიდენტი ხალხისკენ შებრუნდა და ჰაერში მუშტი მოიღერა და თითქოს იძახდა: "იბრძოლეთ, იბრძოლეთ, იბრძოლეთ!"
სროლა მოხდა რესპუბლიკური პარტიის ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე. ვარაუდობენ, რომ ყრილობაზე პარტია ტრამპს პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს.
„დაუჯერებელია, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში“, - დაწერა დონალდ ტრამპმა სროლის შემდეგ თავის სოციალურ პლატფორმა Truth Social-ში.
მეორე განცხადებაში კი, რომელიც სროლიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ გააკეთა, ტრამპი ამბობს, რომ მოუთმენლად ელის გამოსვლას რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ კონვენციაზე, რომელიც 15 ივლისს გაიმართება.
„ამ მომენტში, როგორც არასდროს, ისეა საჭირო, რათა ჩვენ ვიყოთ ერთიანი და ვაჩვენოთ ჩვენი ჭეშმარიტი ხასიათი, როგორც ამერიკელებმა, შევინარჩუნოთ სიძლიერე და სიმტკიცე“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ასევე ნახეთ
დონალდ ტრამპმა საავადმყოფო დატოვა. ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმას FBI იძიებს
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დატოვა საავადმყოფო, სადაც პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გადაიყვანეს. ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპი ჩავიდა ნიუ-ჯერსიში, სადაც თავის გოლფის კლუბში გარკვეული დროის გატარებას გეგმავს.
ვიდეოში, რომელიც ტრამპის გუნდის წარმომადგენელმა გამოაქვეყნა, ყოფილი პრეზიდენტი თვითმფრინავიდან ჩამოდის აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლების თანხლებით, რომლებიც უმაღლესი ხელისუფლების დაცვას ახორციელებენ.
კევინ როიეკმა, FBI-ის წარმომადგენელმა, რომელიც ბიუროს ადგილობრივ ოფისს ხელმძღვანელობს, 13 ივლისის საღამოს ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქალაქ ბატლერში დონალდ ტრამპზე თავდასხმას იძიებენ, როგორც "მკვლელობის მცდელობას."
FBI-ის სპიკერმა თქვა, რომ სააგენტოს არ ჰქონდა ინფორმაცია რაიმე საფრთხის შესახებ ტრამპის გამოსვლამდე ბატლერში გამართულ აქციაზე. CNN-ის ინფორმაციით, რამდენიმე ფედერალური უწყება იძიებს, თუ როგორ შეძლო კრუქსმა აქციის გვერდით მდებარე შენობის სახურავზე შეუმჩნევლად ასვლა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცი თავს ტომას მეთიუ კრუქსს უწოდებს და ამბობს, რომ სძულს რესპუბლიკელები.
რამდენიმე ამერიკული საინფორმაციო საშუალების ცნობით, პენსილვანიის შტატის ხმის მიცემის ანგარიშებით ჩანს, რომ კრუქსი რეგისტრირებული იყო, როგორც რესპუბლიკელი, მაგრამ ასევე მცირე შემოწირულება ჰქონია გაკეთებული დემოკრატთა საარჩევნო კამპანიისთვისაც.
ლესლი ვინჯამური, ლონდონში მდებარე „ჩათემ ჰაუსის“ აშშ-ისა და ამერიკის პროგრამების დირექტორი, ძალიან ნაადრევად მიიჩნევს იმაზე საუბარს, თუ რა გავლენა მოახდინა კრუქსის წარსულმა 13 ივლისის ინციდენტზე.
"მე ვნახე ცნობები, რომ ის არის რეგისტრირებული რესპუბლიკელი, რომელმაც 17 წლის ასაკში ფული შესწირა Act Blue-ს [დემოკრატიული პოლიტიკური კამპანიის ჯგუფი], რაც მიუთითებს, რომ ის რაღაც მომენტში ასევე იყო დემოკრატი... ამ ახალგაზრდა კაცის მოტივაციის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს... ჩვენ ვიცით, რომ ძალადობის მრავალი აქტი უკავშირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, იმ ფაქტს, რომ იარაღი იმ ადამიანების ხელშია, რომლებიც მათ არ უნდა ფლობდნენ. ასე რომ, მე ძალიან არ მსურს პროგნოზების გაკეთება ამ მომენტისათვის მართლა ძალიან შეზღუდულ ინფორმაციაზე დაყრდნობით", - ამბობს ლესლი ვინჯამური.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ძალადობა იშვიათია შეერთებულ შტატებში, ქვეყნის ისტორიაში ცნობილია პრეზიდენტებსა და კანდიდატებზე რამდენიმე თავდასხმა.
ყველაზე ბოლოს, 1981 წელს, პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა მძიმე ჭრილობა მიიღო, როდესაც ვაშინგტონის სასტუმროდან გამოდიოდა.
1975 წელს პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი უვნებლად გადაურჩა ორ სხვადასხვა შეიარაღებულ თავდასხმას.
ამერიკის შეერთებული შტატების ოთხი პრეზიდენტი კი თავდამსხმელებმა მოკლეს: აბრაამ ლინკოლნი (1865), ჯეიმს გარფილდი (1881), უილიამ მაკკინლი (1901) და ჯონ ფიცჯერალდ კენედი (1963).
ასევე ნახეთ
სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო მასსა და ტრამპზე თავდასხმების მსგავსებაზე საუბრობს