პარიზში გაიხსნა პარალიმპიური თამაშები

პარალიმპიური თამაშების გახსნა პარიზში. 28 აგვისტო, 2024 წელი

პარიზში 28 აგვისტოს, გვიან საღამოს, გაიხსნა 2024 წლის პარალიმპიური თამაშები, რომლებიც 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სპორტის 22 სახეობაში სულ 549 ჯილდო გაიცემა.

მთავარი ოლიმპიადის მსგავსად, თამაშების გახსნის ცერემონია, პირველად თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში, გაიმართა არა სტადიონზე, არამედ პარიზის ცენტრში - კონკორდის მოედანზე.

თამაშები გახსნეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა ენდრიუ პარსონსმა.

ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ, პარიზი მე-17 პარალიმპიურ თამაშებს მასპინძლობს. პარალიმპიადაში 180 ქვეყნის 4 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

საქართველოს პარალიმპიური ნაკრები თამაშებზე სარეკორდო რაოდენობით, 14 პარასპორტსმენითაა წარმოდგენილი. ისინი სპორტის ექვს სახეობაში იასპარეზებენ.

ასევე ნახეთ უცხოეთისთვის მებრძოლი 11 ქართული გვარი პარიზის ოლიმპიადაზე