შვიდამდე გაიზარდა ოდესაზე სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთის ჯარები რაკეტებით და დრონებით უტევენ ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას.

უკრაინის ოდესის ოლქის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა პორტის 46 წლის თანამშრომელი, რომელიც მძიმედ დაიჭრა რუსეთის მიერ ოდესაზე 9 ოქტომბერს განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად.

ინფორმაცია დაჭრილის გარდაცვალების შესახებ დღეს, 10 ოქტომბერს, დილით გაავრცელა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა. გასული ღამის მონაცემებით დადასტურებული იყო ექვსი ადამიანის სიკვდილი. დაიჭრა ათზე მეტი.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 9 ოქტომბერს, საღამოს რაკეტებით დაარტყეს ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას. დაზიანდა პანამის დროშით მცურავი სატვირთო გემიც.

ასევე ნახეთ 62 დრონი და 8 რაკეტა - უკრაინაზე მორიგი შეტევა იყო

ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო წინა დღეებშიც. ადგილობრივი ხელისუფლება ორი სამოქალაქო გემის დაზიანების შესახებ იუწყებოდა.