იტალიის ხომალდმა მიგრანტების პირველი, 16-კაციანი ჯგუფი ჩაიყვანა ალბანეთში

იტალიის სასაზღვრო დაცვის ძალები მიგრანტების გადარჩენის ოპერაციისას კუნძულ ლამპედუზის მახლობლად. ლამპედუზა ახლოსაა აფრიკის კონტინენტთან, საიდანაც მიგრანტები ზღვის საშუალებით ცდილობენ ევროპაში მოხვედრას. იტალიამ ალბანეთში მიგრანტების მისაღები ორი ცენტრი გახსნა.

იტალიის ხომალდი, რომელზეც ზღვაში გადარჩენილი 16 მიგრანტი იმყოფებოდა, ალბანეთის ნავსადგურ შენჯინში შევიდა. ალბანეთში ისინი თავშესაფარს მოითხოვენ.

იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების პირველი ხომალდი ადგილობრივ ხელისუფლებას გადასცემს 16 მიგრანტს, რომლებიც საერთაშორისო წყლებში აიყვანეს მაშინ, როცა იტალიაში ჩაღწევას ცდილობდნენ.

სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდი Libra იტალიის კუნძულ ლამპედუზის ნავსადგურიდან გავიდა 14 ოქტომბერს. ალბანეთში მან ჩაიყვანა ათი ბანგლადეშელი და ექვსი ეგვიპტელი, რომლებიც ლიბიიდან ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ ზღვის საშუალებით, სადაც ისინი იტალიის ძალებმა გადაარჩინეს.

გასულ კვირაში იტალიამ ალბანეთში ოფიციალურად გახსნა ორი ცენტრი, სადაც ათასობით მიგრანტის საქმეების განხილვა იგეგმება იტალიელი მოხელეების მიერ საზღვრებს გარეთ.

ადამიანის უფლებების დამცველები იტალიის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ეჭვი შეაქვთ მიგრანტების საბუთების დამუშავების ამ ფორმის ლეგალურობაში.

ალბანეთის ბანაკებში იქნებიან მხოლოდ მოზრდილი კაცები. სხვები - ქალები, ბავშვები, მოხუცები, ავადმყოფები ან წამების მსხვერპლები - იტალიაში დარჩებიან. ოჯახებს ერთმანეთს არ დააშორებენ.

იტალიის ელჩმა ალბანეთში, ფაბრიციო ბუჩიმ განაცხადა, რომ ორი ცენტრი უკვე მზადაა მიგრანტების მისაღებად.

იტალიის სანაპირო დაცვას, ასევე არეალში მოძრავ ჰუმანიტარული ორგანიზაციების გემებს, სისტემატურად უწევთ მიგრანტების გადარჩენა ღია ზღვაში, როცა ისინი გაუმართავი გემებით ცდილობენ ევროპაში მოხვედრას.