ჩეჩნეთში უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის ეროვნული გვარდიის სატვირთო მანქანას

ჩეჩნეთში უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის ეროვნული გვარდიის სატვირთო მანქანას.

რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, გროზნოს რაიონის პეტროპავლოვსკაიას სადგურზე, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის ეროვნული გვარდიის სატვირთო მანქანას.

ეს ცნობა პირველად გაავრცელეს რუსეთის საზღვრებს გარეთ მყოფმა ჩეჩენმა ოპოზიციონერებმა, მოძრაობა NIYSO-ს წევრებმა. მათი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა რუსეთის სამი სამხედრო მოსამსახურე.

მოგვიანებით, თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა მთავრობის მომხრე ტელეგრამის არხმა Mash-მა, თუმცა მას განსხვავებული მონაცემები მოაქვს - კერძოდ, აღნიშნავს, რომ დაიღუპა ერთი და დაიჭრა ერთი ადამიანი.

Mash-ის ცნობითვე, დაცხრილული სატვირთო მანქანა "ურალი" ეკუთვნის რუსეთის ეროვნული გვარდიის 46-ე ოპერატიულ ბრიგადას, რომელიც ურუს-მარტანშია დისლოცირებული.

გავრცელებული ცნობებით, თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს და მათ ეძებენ.

ოქტომბრის დასაწყისში ჩეჩნური ოპოზიციური მოძრაობა 1ADAT-ის აქტივისტები აცხადებდნენ, რომ საგზაო პატრულის სადგურზე თავდასხმის შემდეგ გუდერმესში რეიდები ტარდება. რესპუბლიკის ხელისუფლებას ამ ინფორმაციაზე განცხადება არ გაუკეთებია.

ასევე ნახეთ

კადიროვი „სისხლის აღებით“ იმუქრება - მკვლელობის მცდელობები და დავა რუსულ „ამაზონზე“