რუსეთი 51 უკრაინული დრონის მოგერიებას იუწყება

ფოტო არქივიდან. უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად გაჩენილი ხანძარი კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. 2024 წლის 22 ივლისი

რუსეთის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო.

თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში გაანადგურეს 51 უკრაინული დრონი, მათგან 36 - კრასნოდარის მხარეში. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 10 დრონი მოიგერიეს აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე, 3 - ყირიმში და 2 - ბელგოროდის ოლქში.

კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ინფორმაციით, უკრაინული დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა ორი სახლი, არავინ დაშავებულა. რუსეთის წარმომადგენლების ოფიციალური ცნობები დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის.

ასევე ნახეთ ოდესაზე რაკეტებით და დრონებით თავდასხმა იყო

უკრაინას რუსეთზე დრონებით მორიგი შეტევის სამიზნეების შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნეებად აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.