რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე კელინ ჯორჯესკუ და მოქმედი პრემიერ-მინისტრი ლიდერობენ

სურათზე მარცხნიდან გეორგე სიმიონი, კელინ ჯორჯესკუ, ელენა ლასკონი და მარჩელ ჩოლაკუ

რუმინეთში კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენეთა წარმომადგენელი კელინ ჯორჯესკუ და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ ლიდერობენ. რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური ამ ცნობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ბიულეტენების 95%-ის გადამუშავების შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, ჯორჯესკუს ხმათა 22,16% აქვს, მარჩელ ჩოლაკუს - 20,38%. მესამე ადგილს იკავებს "რუმინეთის ხსნის კავშირის ლიდერი" ელენა ლასკონი (17,81%), რომელიც ეგზიტპოლების პირველადი მონაცემებით მეორე ადგილზე იყო.

თუ საბოლოო მონაცემით ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს, მაშინ 8 დეკემბერს რუმინეთში დაინიშნება არჩევნების მეორე ტური, რომელშიც პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.
8 დეკემბერს რუმინეთში პარალელურად საპარლამენტო არჩევნებიც გაიმართება.