კიევზე დრონებით შეტევა იყო

საილუსტრაციო ფოტო. აფეთქებული რუსული დრონი კიევის თავზე

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე.

საჰაერო განგაში 27 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ გამოცხადდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ და საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ კიეველებს უსაფრთხო ადგილებში გადასვლისკენ მოუწოდეს. დრონების მოსაგერიებლად ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ადგილობრივი დროით დილის შვიდის ნახევრისთვის კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა დედაქალაქის დნეპრის რაიონში სახლი დააზიანა. დაშავდა ორი ადამიანი. ერთს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა.

ასევე ნახეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ATACMS-ებით რუსეთის ტერიტორიაზე ორი ახალი დარტყმის შესახებ იტყობინება