უპილოტო თვითმფრინავმა კვლავ დაბომბა გროზნო

საილუსტრაციო ფოტო. ჩეჩნეთის დედაქალაქი გროზნო ერთი კვირის განმავლობაში მეორედ აღმოჩნდა დრონების იერიშის სამიზნე.

კვირას დილით, დრონის თავდასხმის შედეგად გროზნოში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ თავდაპირველად რუსული ტელეგრამის არხებმა განაცხადეს, შემდგომში კი თავდასხმა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმაც დაადასტურა.

ჩეჩნეთის ოპოზიციური ტელეგრამის არხის, NIYSO-ს თანახმად, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ომონის ბაზა და ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და დაცვის სამსახურის მე -2 პოლკი, ასევე სამხედრო ბაზა.

კადიროვის თქმით, გროზნოს სამი უპილოტო თვითმფრინავი დაესხა თავს. მათგან ორი ჩამოაგდეს, მესამე თვითმფრინავი სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატ-გროზნოს“ ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ირწმუნებიან, რომ მსხვერპლი არ არის.

კვირას დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ღამის განმავლობაში 15 უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ: სამი თვითმფრინავი განადგურდა შავ ზღვაზე და თითო კურსკისა და ბელგოროდის რეგიონების ტერიტორიებზე. ჩეჩნეთი შეტყობინებაში ნახსენები არ არის.

ერთი კვირის განმავლობაში ეს დრონებით მეორე შეტევაა გროზნოზე.

12 დეკემბერს, გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, „რუსეთის გმირის, ახმად კადიროვის სახელობის პოლიციის სპეციალური პოლკის" ყაზარმების თავზე უკრაინული დრონი „ჩამოაგდეს“, რის შედეგადაც „მსუბუქად დაიჭრა ყარაულის ოთხი მებრძოლი“.

კადიროვი უკრაინას დაემუქრა, რომ მხოლოდ ამ ოთხი დაჭრილის გამო ოთხას „უკრნატოელს“ გაანადგურებენ.

ასევე ნახეთ გროზნოზე დრონით შეტევა იყო, კადიროვი ოთხი „მებრძოლის“ დაჭრას ადასტურებს