22 დეკემბერს რუსეთის ორიოლის ოლქზე უკრაინის დრონებით მასირებული იერიში განხორციელდა. ამის შესახებ ოლქის ხელმძღვანელი ანდრეი კრიჩკოვი იტყობინება.
მის მიერ ტელეგრამის არხით გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ოლქის სოფელ სტალნოი-კონში ცეცხლი გაუჩნდა საწვავის ინფრასტრუქტურას.
მოგვიანებით კლიჩკოვი იტყობინებოდა, რომ ანტისაჰაერო დაცვის ძალებმა გაანადგურეს 20 დრონი. მისი თქმით, იერიშის მთავარი სამიზნე იყო საწვავისა და ენერგეტიკული ობიექტები.
გამოცემა SHOT-ს თვითმხილველებმა უამბეს, რომ მათ 10-15 ყრუ აფეთქების ხმა გაიგონეს ქალაქის თავზე. ადგილობრივები წერენ, რომ სანავთობო საწარმოს მხარეს აფეთქებები დაინახეს. ეს ბოლო კვირაში დრონებით უკვე მეორე ასეთი თავდასხმაა საწვავის ობიექტზე.
14 დეკემბერს უკრაინის არმია იტყობინებოდა, რომ სანავთობო საწარმოს სადისპეტჩერო სადგურს დაარტყა.
"ბიბისის" რუსული სამსახურის თანახმად, უკრაინის მხარე ამ ობიექტს „მიიჩნევს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილად, რომელიც რუსეთის არმიას ამარაგებს საწვავით“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის ხუთ რეგიონში ჩამოაგდეს უკრაინის 42 დრონი, მათი ნახევარი - ორიოლის ოლქში. როსტოვის ოლქის გუბერნატორი იური სრიუსარი წერს, რომ ღამით კომბინირებული თავდასხმა მოხდა რეგიონზე - ტაგანროგის და ნოვოჩერკასკის რაიონში რვა დრონი ჩამოადგეს, მილეროვოში კი - ერთი რაკეტა.
დაშავებულებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ასევე ნახეთ უკრაინის საჰაერო ძალები: ღამის განმავლობაში რუსეთმა სარეკორდო რაოდენობის დრონები გამოიყენა