ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს „კატასტროფულ და ცუდ დროს შერჩეულ გადაწყვეტილებას“ უწოდებს ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი, რომელიც თავის მოსაზრებას სოციალურ პლატფორმა X-ზე აქვეყნებს.
„მიუხედავად იმისა, რომ მე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი აღარ ვარ, ჩემი ყურადღება მიიქცია ფაქტმა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს საქართველოში გეგმავს დელეგაციის ვიზიტს, რაც კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული გადაწყვეტილებაა“, - წერს კოლსი.
მისი სიტყვებით, ეს ვიზიტი ემთხვევა ივანიშვილის რეჟიმის მიერ ძალაუფლების განმტკიცებას - რუსული სტილის პრევენციული დაპატიმრებებით, დრაკონული კანონებით და საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობით. ასევე - პერიოდს არჩევნების შემდგომ, რომელიც, ევროპარლამენტარის თქმით, ზოგადად, თავისუფალი იყო, თუმცა არღვევდა ლეგიტიმური არჩევნების ორ სხვა პრინციპს: „ის არ იყო არც სამართლიანი და არც გამჭვირვალე“:
„ბევრი დელეგაცია აღშფოთებულია და სამართლიანადაც. ასეთი ვიზიტი რეჟიმს მოუტანს პროპაგანდისტულ გამარჯვებას, ლეგიტიმაციას მისცემს ავტოკრატიას, რომელიც ყალიბდება, და ამავე დროს მნიშვნელოვნად ძირს გამოუთხრის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას“.
რიჰარდს კოლსი მიიჩნევს, რომ თუ პია კაუმას ასე ძლიერ სურს ეს ვიზიტი, ის კერძო სტატუსით უნდა ჩავიდეს საქართველოში და არა როგორც წარმომადგენელი საერთაშორისო დემოკრატიული თანამშრომლობის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გამორჩეული ინსტიტუტისა, რომელსაც გადასახადების გადამხდელები აფინანსებენ და რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგი იქნებოდა „ასეთი უხერხემლო და უპრინციპო ნაბიჯებისა“:
„სუსტი ლიდერობა ქმნის ცუდ დროს. ვიქონიოთ იმედი, რომ პია კაუმამ უკეთ იცის“, - წერს ევროპარლამენტარი, „ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა“ ჯგუფის წევრი.
ასევე ნახეთ OSCE/ODHIR-ის დასკვნა ახალი არჩევნებისთვის კიდევ ერთი საფუძველია - სადამკვირვებლო ორგანიზაციებირიჰარდს კოლსის სტატუსი X-ზე გააზიარა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა იან კელიმ და დაწერა, რომ ერთპარტიულ რეჟიმთან შეხვედრა ახლა ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა:
„არცერთი დასავლელი მაღალჩინოსანი არ უნდა შეხვდეს საქართველოს მმართველ პარტიას, სანამ ის არ აიღებს ვალდებულებას, აღადგინოს ნდობა საკუთარი ლეგიტიმურობისადმი და ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს ხელახალი არჩევნების გზით“, - წერს იან კელი.
"ეს ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის და სახელმწიფოს დატყვევების მის მიერ შექმნილი სქემის აღიარებისთვისაა სასარგებლო", - პია კაუმას დაგეგმილ ვიზიტს სოციალურ პლატფორმა X-ზე ასე გამოეხმაურა კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე.
მან დაწერა, რომ ოფიციალური ვიზიტები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუ მათი მიზანი ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარების შუამავლობაა.