ლიბანის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად არმიის 60 წლის მთავარსარდალი ჯოზეფ აუნი აირჩია. მის კანდიდატურას მეორე რაუნდში მხარი დაუჭირა 99-მა დეპუტატმა - საკანონმდებლო ორგანოში სულ 128 დეპუტატია. არჩევნების პირველ ტურში მან მხოლოდ 71 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა.
ლიბანის წინა პრეზიდენტის, მიშელ აუნის უფლებამოსილების ვადა 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს ამოიწურა (ის ამ თანამდებობას ექვსი წლის განმავლობაში იკავებდა). მისი წასვლის შემდეგ ქვეყნის პარლამენტს სახელმწიფოს მეთაურის არჩევის 12 მცდელობა ჰქონდა, მაგრამ არცერთ მათგანს შედეგი არ მოუტანია.
პროირანულმა ჰეზბოლამ მხარი დაუჭირა კიდევ ერთ კანდიდატს, სულეიმან ფრანგიეჰას, პატარა ქრისტიანული პარტიის ლიდერს ქვეყნის ჩრდილოეთით.
ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს აშშ, ხოლო ევროკავშირს "შავ სიაში" შეყვანილი ჰყავს მხოლოდ მისი სამხედრო განშტოება და არა პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ლიბანის პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავს. ჰეზბოლა აკონტროლებს სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს.
ჯოზეფ აუნი არ არის ყოფილ პრეზიდენტ მიშელ აუნის ნათესავი. ის სარგებლობს შეერთებული შტატებისა და საუდის არაბეთის მხარდაჭერით. მისი უფლებამოსილება, როგორც არმიის მეთაურისა, ერთი წლის წინ ამოიწურა, მაგრამ ომის გამო ორჯერ გაუგრძელდა. მედია წერს, რომ პრეზიდენტად გენერალ აუნის არჩევა ლიბანში ირანის გავლენის შესუსტებას ნიშნავს.