სლოვაკეთის ერთ-ერთ გიმნაზიაში დანით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

თავდასხმის ადგილი ქალაქ სპიშსკა-სტარა-ვესში. სლოვაკეთი, 16 იანვარი, 2025.

ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავდა და კრიტიკულ მდგომარეობაშია მას შემდეგ, რაც სლოვაკეთის ქალაქ სპისშკა-სტარა-ვესის გიმნაზიაში მოსწავლე დანით დაესხა მათ თავს. დაიღუპა საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი და ერთ-ერთი სტუდენტი გოგო.

18 წლის ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილიდან გაიქცა. პოლიციამ ის თავდასხმიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დააკავა.

საქმეს იძიებს სლოვაკეთის პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დირექტორატი.

ცნობილია, რომ ეჭვმიტანილი ადრე სწავლობდა ქალაქ კეჟმაროკის გიმნაზიაში, მაგრამ სპისშკა-სტარა-ვესში გადაიყვანეს. იგი წარმატებული სტუდენტი იყო, მონაწილეობდა ოლიმპიადებსა და სხვა სასკოლო კონკურსებში. მისი ქმედებების მიზეზები უცნობია.

მომხდარ თავდასხმას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და სხვა მაღალჩინოსნები გამოეხმაურნენ და საზოგადოებას სოლიდარობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ფიცომ, რომელზეც გასულ წელს მოხდა თავდასხმა, ასევე გააფრთხილა სლოვაკეთის მოქალაქეები, რომ არ გამოიყენონ ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის.

ასევე ნახეთ სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმა მოხდა. მთავრობა: მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათოა
ასევე ნახეთ მასობრივი მკვლელობა პრაღის ცენტრში. შეიარაღებული თავდასხმისას დაიღუპა 15 ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელი