გორში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტთან, საპროტესტო აქცია გამართეს სამოქალაქო აქტივისტებმა, პოლიტიკური პარტიების წევრებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა.
ისინი სამოქალაქო აქტივისტის, ვახო ფიცხელაურის ცემის ფაქტს აპროტესტებდნენ და გამოძიების სასწრაფოდ დასრულებას, დამნაშავეების დაკავებას მოითხოვდნენ.
26 იანვარს, ღამით, სამოქალაქო აქტივისტ ვახო ფიცხელაურს გორში, საკუთარ სახლთან ახლოს, თავს დაესხნენ. ნიღბიანმა პირებმა ის სცემეს და გაძარცვეს - წაიღეს მისი პირადი ნივთები და მობილური ტელეფონი.
ფიცხელაურის თქმით, ცემასთან ერთად, მას მოკვლითაც ემუქრებოდნენ. ვახო ფიცხელაური ამ ყველაფერს თავის სამოქალაქო აქტივობას უკავშირებს. ის ცოლთან, თეო ბზიშვილთან ერთად უკვე 60 დღეა, თბილისში გამართულ აქციებზე ყოველდღე დადის. ამის შესახებ მან წუხელ, დაკითხვაზე ყოფნისას პოლიციელებსაც უთხრა, თუმცა გამოძიების წარმატებით დასრულების იმედი არ აქვს.
„ტკივილები ისევ მაქვს. ხვალაც ვაპირებ კლინიკაში მისვლას. ახლა ვაანალიზებ, წუხელ რა მოხდა და რასთან გვაქვს საქმე. ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ სრული განუკითხაობაა და ჩვენი თავი ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ, თორემ ეს ყველაფერი რომ სისტემამ ორგანიზებულად გააკეთა, ამაში ეჭვი არ მეპარება. დაშინება უნდოდათ, მაგრამ რა დაშინებაზეა ლაპარაკი. რუსთაველზე აქციაზე წასვლა დღესაც მინდოდა, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოვახერხე. მაინც ვივლი აქციებზე და ვერაფერი დამაშინებს", - ამბობს ვახო ფიცხელაური.
აქციაზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ ვახო ფიცხელაურის ცემა არის რეჟიმის მცდელობა, აქტივისტები დააშინოს და პროტესტი ჩაახშოს, თუმცა, მათივე თქმით, ყოველი ასეთი თავდასხმა მანიფესტანტებს მხოლოდ აძლიერებს და საპროტესტო აქციებზე სულ უფრო მეტი ადამიანი გამოვა.
პოლიციამ ვახო ფიცხელაური 26 იანვრის ღამესვე დაკითხა. გამოძიება ძალადობის და ძარცვის საქმეზე მიმდინარეობს. ფიცხელაური ამბობს, რომ მის სახლთან ახლოს, კომერციულ ობიექტებზე არაერთი სათვალთვალო კამერაა განთავსებული და შესაბამისად, პოლიციას თავდამსხმელების ვინაობის დადგენა არ უნდა უჭირდეს, თუმცა იმედი არ აქვს, რომ ამ საქმეს ბოლომდე გამოიძიებენ.
ასევე ნახეთ „თავისუფლება ივანიშვილის რეჟიმის ტყვეებს“, - გორში, სამხარეო პოლიციასთან აქცია გაიმართა