8 თებერვალს ბალტიის სამი ქვეყანა: ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი გაითიშა ელექტროგადამცემი ქსელიდან, რომელიც აკავშირებს რუსეთს, ბელარუსსა და რუსეთის ექსკლავს, კალინინგრადს - იუწყება რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტრო.
„დღეს კალინინგრადის ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრეა 1,88 გიგავატი, რაც ორჯერ აღემატება რეგიონის პიკური ენერგიის მოხმარებას და საშუალებას გვაძლევს, უზრუნველვყოთ მოქალაქეების ენერგომომარაგება ნებისმიერ ვითარებაში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ესტონური გაზეთის, Postimees-ის ცნობით, 33 საათში ბალტიის ქვეყნები მთლიანად საკუთარ სიხშირულ ზონაში მოექცევიან და კვირა საღამოს ლიეტუვის პოლონეთთან დაკავშირების გზით უნდა დაუკავშირდნენ კონტინენტური ევროპის სინქრონულ ქსელს (ასევე ცნობილია, როგორც UCTE ქსელი). ეს ქსელი მოიცავს ევროპის უმეტეს ქვეყნებს დასავლეთით პორტუგალიიდან, აღმოსავლეთით უკრაინასა და თურქეთამდე.
ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის ენერგეტიკული სისტემების სინქრონიზაციის პროექტში 1,6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.
ასევე ნახეთ ბალტიის ქვეყნები საბჭოთა კავშირს საბოლოოდ ტოვებენესტონეთის ელექტროქსელის ოპერატორმა განაცხადა, რომ გათიშვას არანაირი გავლენა არ მოუხდენია მომხმარებლებზე.
„ბალტიის ქვეყნების ენერგეტიკული დამოკიდებულების შეწყვეტით რუსეთზე, აგრესორს მოვაკლებთ ჩვენ წინააღმდეგ ელექტროენერგიის იარაღად გამოყენების შესაძლებლობას და გავაძლიერებთ ჩვენს სისტემებს როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.
- უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბალტიის ქვეყნებმა შეწყვიტეს რუსული გაზისა და ელექტროენერგიის ყიდვა. თუმცა მათი ელექტროქსელები კვლავ დაკავშირებული იყო რუსეთთან და ბელარუსთან.