საფრანგეთი მეორე შეხვედრას იწვევს უკრაინისა და ევროკავშირის უსაფრთხოების თაობაზე

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი (მარჯვნიდან მეორე) ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენთან (მარჯვნივ) და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან ერთად. პარიზი, 17 თებერვალი, 2025.

საფრანგეთი მეორე შეხვედრას იწვევს უკრაინის საკითხზე და ევროპის უსაფრთხოებაზე მოსალაპარაკებლად, იტყობინება Reuters-ი დიპლომატიურ წრეებში სამ წყაროზე დაყრდნობით.

სააგენტოს თანახმად, შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ნატოს იმ წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც არ ესწრებოდნენ ამავე მიზნით გამართულ პირველ შეხვედრას 17 თებერვალს.

Reuters-ის ორმა წყარომ თქვა, რომ მიწვეულ ქვეყნებს შორის არიან ნორვეგია, კანადა, ბალტიის ქვეყნები, ჩეხეთი, საბერძნეთი, ფინეთი, რუმინეთი, შვედეთი და ბელგია. ზოგიერთი ქვეყანა დისტანციურად მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას.

ასევე ნახეთ ევროპის ლიდერებმა პარიზში იმსჯელეს თავდაცვის ხარჯებსა და უკრაინის დახმარებაზე

17 თებერვალს საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, დანიისა და ნიდერლანდის ლიდერებმა ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელებთან ერთად პარიზში იმსჯელეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე.

საგანგებო სამიტის მოწვევას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რუსეთთან დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად.

ასევე ნახეთ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში: რა შევიტყვეთ