მაკა ბოჭორიშვილი: 3+3-ის ფორმატში მონაწილეობას არ განვიხილავთ

“რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ მხოლოდ ერთი ფორმატი გაგვაჩნია – ეს არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები..." - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.

„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა, რომ საქართველო არ განიხილავს 3+3-ის ფორმატში მონაწილეობას, რადგან ქვეყნის ორი რეგიონი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. “ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, გარდა რუსეთისა”, - თქვა მან.

მაკა ბოჭორიშვილს ფორუმის ერთ-ერთი დისკუსიის მოდერატორმა ჰკითხა, აპირებდა თუ არა საქართველო გადაეხედა გადაწყვეტილებისათვის და შეერთებოდა ამ ფორმატს, რომლის შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა. ერდოანის ინიციატივა გულისხმობს თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ (3+3) ჩამოყალიბებას.

საქართველოს ოფიციალური პოზიცია თავიდანვე იყო, რომ არ აპირებდა ამ პლატფორმაში მონაწილეობას.

ასევე ნახეთ 3+3, ლავროვის მიწვევები და ცარიელი სკამები თბილისისთვის ჩრდილოეთსა და დასავლეთში

ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2021 წელს მოსკოვში გაიმართა, მეორე - 2023 წელს თეირანში, მესამე კი - თურქეთში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ 3+3 ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა. მოლაპარაკებების ამ ფორმატში საქართველოს ჩართვას თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუც ეცადა.

ანტალიაში მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის მეზობლებთან თანამშრომლობისთვის და შეიტანოს წვლილი რეგიონულ თანამშრომლობაში, რეგიონულ პროექტებში, მაგრამ ეს არ არის 3+3-ის ფორმატი.

ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა

“რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ მხოლოდ ერთი ფორმატი გაგვაჩნია – ეს არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, სადაც საქართველო და რუსეთი ერთმანეთსვე ელაპარაკებიან კონფლიქტის შესახებ და ამ ფორმატში წარმოდგენილია აშშ-ი, გაერო, ეუთო, ევროკავშირი. ძალიან ღირებული ფორმატია ჩვენთვის, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, განვიხილოთ კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები” - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.