აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა, რომელიც საქართველოში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა, საპატიმრო დატოვა. ინფორმაციას ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც მის უფლებებს იცავდა.
„საქართველოს კანონმდებლობით, ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეს შეადგენს. აფგან სადიგოვის შემთხვევაში ეს ვადა 2025 წლის 3 მაისს იწურებოდა, რის გამოც საქართველოს პროკურატურა იძულებული გახდა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემართა“, - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
სადიგოვმა საპატიმრო 5000-ლარიანი გირაოთი დატოვა.
- აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 2024 წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.
- გასული წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მისი ცოლის თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლება აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.
- აფგან სადიგოვმა 2020 წელს, როდესაც აზერბაიჯანში დააპატიმრეს, საპატიმროში 242 დღე იშიმშილა და მისი ჯანმრთელობა მაშინ სერიოზულად შეირყა.
- მან საქართველოს ციხეშიც იშიმშილა 161 დღე - მშრალ შიმშილობაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილი დაეთანხმა პროკურატურას და აფგან სადიგოვისთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა 3 მაისამდე გაახანგრძლივა.
- აფგან სადიგოვმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.