მერცი: სტამბოლის მოლაპარაკებები პირველი პოზიტიური სიგნალია

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 16 მაისს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს „პირველი, ძალიან მცირე, მაგრამ პოზიტიური სიგნალი“ უწოდა.

„ამ მიმართულებით მეტი უნდა გავაკეთოთ, განსაკუთრებით დიპლომატიური ძალისხმევის თვალსაზრისით, - განაცხადა მერცმა, - მაგრამ ჩვენ ასევე უკიდურესად მტკიცე უნდა ვიყოთ ამ ქვეყნის სამხედრო მხარდაჭერაში.“

ასევე ნახეთ რუსეთი და უკრაინა სტამბოლში 1000-1000 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ

გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინის პარტნიორები ერთ აზრზე არიან: „რუსულ მხარეს ამ კვირაში კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამშვიდობო შეთანხმებაზე საწყისი მოლაპარაკებები განეხორციელებინა. ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ ეს არ მოხდა", - თქვა მან და დასძინა: „სამწუხაროდ, ჩვენს მიერ აქამდე განხორციელებული დიპლომატიური ძალისხმევა წარმატებული არ აღმოჩნდა, რადგან რუსეთს არ სურს პირველი ნაბიჯები გადადგას სწორი მიმართულებით.“

მერცმა ასევე განაცხადა, რომ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური საზოგადოების (EPC) სამიტის დროს, ის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის ლიდერებთან ერთად ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

ასევე ნახეთ ტრამპი: პუტინს მალე შევხვდები

„ჩვენ მას მუდმივად ვაცნობებთ ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ", - განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა და ხაზგასმით აღნიშნა: „მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ამერიკელები ჩვენს მხარეს იყვნენ“.