ისრაელის სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე სამშობლოში გაემგზავრა

ისრაელის საავადმყოფო ირანის მიერ დაბომბვის შემდეგ.

ისრაელში საქართველოს საელჩოს ცნობით სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე საქართველოში გაემგზავრა.

„ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ დრომდე საქართველოს საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება გაუწია საქართველოს 500-ზე მეტ მოქალაქეს.” - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მანამდე სამი დღით ადრე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში სადეპორტო ციხეში მყოფი ათამდე ქალის ახლობელი რადიო თავისუფლებას უყვებოდა,რომ თელ-ავივის საემიგრაციო ციხეში მყოფი ქართველი ქალები დახმარებას ითხოვდნენ ისრაელში საქართველოს საელჩოსგან, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, რომ მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, დროულად დაებრუნებინათ ისინი სამშობლოში. ისინი ჩიოდნენ, რომ დაკავებულ ქალებს უწევდათ ისეთ იზოლატორში ყოფნა, სადაც არ იყო სათანადო თავშესაფარი, რის გამო, დაბომბვის დროს თავს საფრთხის ქვეშ გრძნობდნენ. ასევე გვიყვებოდნენ, რომ ქალების ნაწილს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა.

ასევე ნახეთ ისრაელმა და ირანმა თავდასხმები განაახლეს უშედეგო დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე

რადიო თავისუფლებას მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში უპასუხეს, რომ საელჩო, ისრაელის სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, მუშაობდა საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უმოკლეს პერიოდში დასაბრუნებლად“.

მასალის გამოქვეყნებიდან მესამე დღეს კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სადეპორტაციო ციხეში მყოფ ქალებს საქართველოში დღე-დღეზე დააბრუნებდნენ.

ისრაელში საქართველოს საელჩოს ცნობით, ისრაელში მყოფ პირებს, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, ქვეყანა დატოვონ სახმელეთო გზით, როგორც ისრაელი-იორდანიის სასაზღვრო გამშვები პუნქტით, ასევე ისრაელი-ეგვიპტის სასაზღვრო გამშვები პუნქტით.

“სახმელეთო გზით დატოვების მსურველმა მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი. ბოლო დროინდელი მოვლენების ფონზე, სახმელეთო გზით ისრაელი საქართველოს 1000-მდე მოქალაქემ დატოვა“, – ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ „გვიშველეთ!” - ისრაელის სადეპორტაციო ციხიდან დახმარებას ითხოვენ ქართველი ქალები