დღეს, 23 ივნისს გამთენიისას რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს. მანამდე, შუაღამის შემდეგ კიევსა და კიევის ოლქზე დრონებით დარტყმა იყო.
რუსული რაკეტებით იერიშის შედეგად კიევში ისევ დაინგრა მრავალბინიანი სახლის ერთი სადარბაზო. ამჯერად, შევჩენკოს რაიონში.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე დილის 8 საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის ჯარების დღევანდელი მასირებული შეტევის შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა 19 ადამიანი. სახლის ნგრევის რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
განახლება: დილის 9 საათისთვის კლიჩკომ ტელეგრამზე დაწერა, რომ კიევში დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოს ცნობით, კიევში და კიევის ოლქში დრონებით და რაკეტებით მასირებული შეტევა იყო საცხოვრებელ რაიონებზე, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სპორტულ ინფრასტრუქტურაზე.
კლიმენკოს ინფორმაციით, კიევის ოლქში სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.
ასევე ნახეთ პუტინი ისევ აცხადებს, რომ უკრაინაში საცხოვრებელ უბნებს არ ეხებიანგანახლება: დღის 12 საათისთვის კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ დედაქალაქში დაშავებულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს საჰაერო თავდასხმის 368 საშუალებით. მათ შორის იყო 11 ბალისტიკური და 5 ფრთოსანი რაკეტა, დანარჩენი კი - დამრტყმელი და სხვა ტიპის დრონები. შეტევის ძირითადი მიმართულება იყო კიევი.
სარდლობის თანახმად, მოიგერიეს საჰაერო თავდასხმის 354 საშუალება.
17 ივნისს უკრაინის დედაქალაქში 28 ადამიანი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაშავდა რუსული რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევის შედეგად.
სარაკეტო დარტყმამ კიევის სოლომენსკის რაიონში დაანგრია 9-სართულიანი აცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო.