ზელენსკიმ რუსეთს, ირანს და ჩრდილოეთ კორეას „მკვლელების კოალიცია" უწოდა

რუსული რაკეტებით შეტევის შედეგად დანგრეული სახლი კიევში. 2025 წლის 23 ივნისი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევსა და სხვა ქალაქებზე რუსეთის დღევანდელ დარტყმას უწოდა „აბსოლუტურად ცინიკური“ იმ ფონზე, როცა მოსკოვი დემონსტრაციულად გმობს ირანის ბირთვული პროგრამის ობიექტებზე დარტყმებს

ზელენსკის განცხადებით, რუსულმა არმიამ უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ისევ შეუტია რუსულ-ირანული დრონებით „შაჰედი“ და წინასწარი მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტებით.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ყველა უნდა დაფიქრდეს შესაძლებელია თუ არა სიცოცხლის დაცვა, თუ „მკვლელების ეს კოალიცია შენარჩუნდება და ტერორის გავრცელებას გააგრძელებს".

ასევე ნახეთ კიევზე დრონებით შეტევას რაკეტებით დარტყმა მოჰყვა, არის მსხვერპლი

რუსეთის ჯარებმა 23 ივნისს, შუაღამის შემდეგ უკრაინაზე იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით. დარტყმის ძირითადი სამიზნე იყო დედაქალაქი კიევი და კიევის ოლქი.

კიევში, შევჩენკოს რაიონში დაინგრა 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დედაქალაქსა და კიევის ოლქში დაზიანებულია სახლები, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებები, მეტროს ერთ-ერთი სადგური და ბიზნესცენტრი.

23 ივნისის დღის ორი საათისთვის ცნობილია, რომ კიევში დაიღუპა 7 ადამიანი, ხოლო კიევის ოლქში - 1.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მაღალი სიზუსტის იარაღით და დრონებით კიევის ოლქში დაარტყეს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს, სამხედრო აეროდრომს და საბრძოლო მასალების საწყობს. რუსეთი ისევ არაფერს ამბობს სახლების ნგრევასა და მსხვერპლზე მშვიდობიან მოსახლეობაში.

ასევე ნახეთ პუტინი ისევ აცხადებს, რომ უკრაინაში საცხოვრებელ უბნებს არ ეხებიან