ხოშტარიას თქმით, შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს

ელენე ხოშტარია, კოალიცია „ცვლილებისთვის“

კოალიცია „ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ პოლიტიკოსმა „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტს მერაბ მეტრეველს განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, „თუ ოპოზიცია შეთანხმდება და იტყვის, რომ არ მივდივართ არჩევნებზე, შეწყვეტთ შიმშილობას?“, ელენე ხოშტარიამ უპასუხა: „კი“.

„კი. თუ ეს სიცხადე ჩამოყალიბდება. მე არ ვამბობ, რომ სიცხადე ზუსტად მე, როგორც ვამბობ, ისეთი უნდა იყოს - პუნქტები, ზუსტად, რა ტიპის ბრძოლა უნდა იყოს... თუ პრინციპულად შევთანხმდებით ნულოვან ართანამშრომლობაზე, არშეგუებაზე, არაღიარებაზე, რა თქმა უნდა, მე, მაშინ მთელი ჩემი ენერგიით გადავერთვები ბრძოლაში, რომლისაც მჯერა“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

გადაცემის ანონსის ამ ფრაგმენტის ეთერში გასვლის შემდეგ, პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოლიტიკური წერილი გაავრცელა.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების სიცხადე ბრძოლის სტრატეგიაზე მიაჩნია გადამწყვეტად ამ ეტაპზე, რადგან სანამ „ქართული ოცნება შეტევაზეა ჩვენი ბუნდოვანება ნიჰილიზმს აღვივებს“.

ელენე ხოშტარიას აზრით, მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ეს სიცხადე“ 26 მაისს და შემდეგ 5 ივნისს შემოიტანა, როცა თქვა, „არანაირი მოგონილი არჩევნები“.

„მთელმა რიგმა პარტიებმა პოზიცია დააფიქსირეს. დარჩა პარტიები, ვინც არ დააფიქსირა და მე ველოდები ამ პოზიციას.

შესაბამისად, მე როდის შევწყვეტ შიმშილობას ეს ჩემი პირადი საქმეა და არ ვაპირებ უკან დახევას არცერთი მილიმეტრით.

ჩემ ძვირფას მეგობრებს ლელოდან კი მივმართავ, რომ მე შანტაჟის ენით, არა თუ მეგობრებთან არამედ მტრებთანაც არ ვსაუბრობ, არაფერი სამაგისო არ მაქვს“, - წერს ხოშტარია.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 27 ივნისს შიმშილობა გამოაცხადა. „მზად ვარ, თავი შევწირო რეჟიმს“, - თქვა მან და საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

მეორე დღეს მას პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე შეუერთდა. მოგვიანებით შიმშილობა გამოაცხადა სამმა აქტივისტმაც: ბაჩო კუციამ, ვასილ ელიავამ და გიორგი სტეპანოვმა.

ხოშტარიამ 2021 წლის ნოემბერში 17 დღის განმავლობაში იშიმშილა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.