12 ივლისიდან მეტროსადგური „ვარკეთილი“ 45 დღით დაიკეტება

მეტროსადგური „ვარკეთილი“

დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მეტროსადგური „ვარკეთილი“ 1,5 თვით არ მოემსახურება მგზავრებს. თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ მიზეზი მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

„პროექტით განსაზღვრულია საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების ჩატარება სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის დაცვით, რომელთა განხორციელებაც მგზავრების მოძრაობის პირობებში შეუძლებელია. შესაბამისად, რკინა-ბეტონის თაღზე და საესკალატორო გვირაბში დამატებითი სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით“, - თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. კონტრაქტორმა შპს „ბადა ქონსთრაქშენმა“ საესკალატორო გვირაბის და მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის თაღზე აზბესტ/ცემენტის ფილები ჩამოხსნა. გაირკვა, რომ არსებული მდგომარეობის გამო საჭირო იყო იმ პროექტის განახლება, რომელზე დაყრდნობითაც უნდა მომხდარიყო სადგურის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 13,4 მილიონი ლარია.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ კომპანიას 2024 წლის 2 დეკემბერს აცნობა, რომ დასკვნის მხოლოდ ნაწილის მომზადება შეეძლო, რადგან „[რამდენიმე] საკითხზე მსჯელობა ბიუროს ამ ეტაპზე არ შეუძლია შესაბამისი ხელსაწყო-მოწყობილობების არქონის გამო“. სწორედ ამის გამო შეარჩია თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ ბელარუსული შპს „პრობილდ ექსპერტი“ და მასთან 382 065 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დადო.

ასევე ნახეთ რატომ შეჩერდა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროცესი?

დედაქალაქის ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, დავით ნარმანიას მერობის დროს, 2017 წელს კი, ხელახალი რეაბილიტაცია დაიწყო. განახლებული მეტროსადგურის დათვალიერების შემდეგ თბილისის იმდროინდელმა მერმა თქვა, რომ „რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა“. ამ სიტყვებიდან წელიწადსა და ოთხ თვეში, 2018 წლის 30 იანვარს, ბაქნის ჭერზე კონსტრუქცია ჩამოვარდა - იმ დღეს იქ 14 ადამიანი დაშავდა.

კახა კალაძის მერობის პირობებში კიდევ ორი მეტროსადგურის რეაბილიტაცია დაიწყო:

  • „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის განახლება რვა თვეში უნდა დასრულებულიყო და 28 თვეს გაგრძელდა;
  • დათქმული ვადის დარღვევით, დაგვიანებით გაიხსნა მეტროსადგური „გოცირიძეც“. სამუშაოები, რომლებისთვისაც შვიდი თვე იყო გათვალისწინებული, თითქმის სამ წელს გაგრძელდა.