ექვს ივლისს გავრცელებული განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, დაკავებულთაგან ერთი 20 წლისაა, დანარჩენი ორი კი - 19 წლის.
მათ „ჯგუფური ყაჩაღობა“ ედებათ ბრალად და 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები თბილისში ღამის საათებში, აირის (გაზის) პისტოლეტის გამოყენებით:
- თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს;
- „იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს თანხა და ნივთები“;
- „უკანონოდ დაეუფლნენ კომპიუტერულ ტექნიკას, სხვადასხვა ძვირადღირებულ ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“.
პოლიციის ცნობით, ნივთმტკიცებად ამოღებულია „დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული ნივთები“.
დაზარალებულის ეროვნებას შსს არ აზუსტებს - ავრცელებს მხოლოდ ასაკს (20 წლის).
თუმცა შსს-ის გავრცელებულ ვიდეოში „ნივთმტკიცებად ამოღებულ ნივთებს“ შორის ჩანს კუპიურები, რომელთა უმეტესობაც დენომინირებულია ომანურ რიალში, ხოლო ნაწილი - არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰემში.