აშშ-ის ტეხასის შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 59-ს მიაღწია

წყალდიდობის შედეგად გადაბრუნებული მანქანები და წაქცეული ხეები. კერვილი, ტეხასის შტატი. 5 ივლისი, 2025 წელი

აშშ-ში, ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა, განაცხადა 6 ივლისს შტატის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მაშველები უწყვეტად ეძებენ დაკარგულ ადამიანებს. „დღესაც ძლიერი წვიმებია და სხვებიც დავკარგეთ. ახლა 59-მდე ვართ. სამწუხაროდ, ვვარაუდობთ, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, - განუცხადა შტატის გუბერნატორის მოადგილემ, დენ პატრიკმა Fox News-ს.

ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხელისუფლება ზუსტ რიცხვს არ აქვეყნებს. ძლიერმა წვიმებმა ტეხასში, მდინარე გუადალუპე აადიდა და 4 ივლისის ღამეს წყალდიდობა გამოიწვია. როგორც იტყობინებიან, წყლის დონემ სულ რაღაც 45 წუთში 8 მეტრით აიწია.

დაკარგულებს შორის მდინარის ნაპირზე მდებარე ქრისტიანული საზაფხულო ბანაკის, „Camp Mystic“-ის 27 ბავშვია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს 850 ადამიანი გადაარჩინეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ დაზარალებულებს ფედერალური მთავრობა დაეხმარება.

ტეხასის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ხელი მოაწერა და განაცხადა, რომ შტატის რესურსები სამაშველო ოპერაციებს „შეუზღუდავად“ მოხმარდება.