აშშ-ში ნეთანიაჰუს გამგზავრებამდე დოჰაში განახლდება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ. თეთრი სახლი, ვაშინგტონი. 7 აპრილი, 2025 წელი

ისრაელსა და ჰამასს (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) შორის ზავისა და მძევლების შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებები განახლდება დოჰაში, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თეთრ სახლში ვიზიტამდე, კვირას 6 ივლისს.

ნეთანიაჰუმ ადრე გამოაცხადა, რომ კონფლიქტის მთავარ შუამავალ ქვეყანაში, კატარში გუნდს აგზავნის, თუმცა მისი თქმით, ჰამასის პასუხი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პროექტზე, რომელსაც აშშ-იც უჭერს მხარს, „მიუღებელ“ მოთხოვნებს შეიცავდა.

ნეთანიაჰუ 7 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს, რომელიც ღაზაში საბრძოლო მოქმედებების დასრულებისკენ ისწრაფვის.

მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული და ჰამასთან დაახლოებული პალესტინელი მოხელის თქმით, საერთაშორისო შუამავლებმა ჯგუფს აცნობეს, რომ „დღეს დოჰაში არაპირდაპირი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყება“.

მოლაპარაკებები შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის პირობებს, მათ შორის, მძევლებისა და პატიმრების გათავისუფლებას ეხება, ხოლო ჰამასი ასევე შეეცდება ღაზაში რაფის გადასასვლელის ხელახლა გახსნას დაჭრილების ევაკუაციისთვის, განუცხადა ოფიციალურმა პირმა AFP-ს.

განხილვების შესახებ ინფორმირებულმა ორმა პალესტინელმა წყარომ AFP-ს განუცხადა, რომ წინადადება მოიცავდა 60-დღიან ზავს, რომლის დროსაც ჰამასი ისრაელის მიერ დაკავებული პალესტინელების გამოშვების სანაცვლოდ 10 ცოცხალ მძევალს და რამდენიმე ცხედარს გადასცემდა ისრაელს. ანალოგიურ ინფორმაციას ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესახებ ავრცელებს AP-იც, რომელიც აზუსტებს, რომ ლაპარაკია ისრაელისთვის 18 მძევლის გვამის გადაცემაზე.

ღაზიდან გავრცელებული ინფორმაციით,რომელიც ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ეყრდნობა, 6 ივლისს ისრაელის ძალებმა 14 ადამიანი მოკლეს. სააგენტოს ცნობით, ღაზის სექტორის შეიხ რადაუნზე გამთენიისას განხორციელებული დარტყმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

ღაზაში მედიის მიმართ დაწესებული შეზღუდვების გამო AFP-ს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაამოწმოს სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს მიერ მოწოდებული მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია და დეტალები.

2023 წლის ოქტომბრის თავდასხმის დროს პალესტინელი მებრძოლების მიერ გატაცებული 251 მძევლიდან 49 კვლავ ღაზაში იმყოფება. მათ შორის 27, ისრაელის სამხედროების თანახმად, გარდაცვლილია.

ომმა ღაზის სექტორში ორ მილიონზე მეტი ადამიანისთვის მძიმე ჰუმანიტარული პირობები შექმნა.

ისრაელის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, AFP-ის დათვლის თანახმად, 2023 წლის ოქტომბერში ჰამასის თავდასხმას 1219 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეების.

ჰამასის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის საპასუხო კამპანიამ ღაზაში სულ მცირე 57418 ადამიანი იმსხვერპლა, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამ მონაცემებს სანდოდ მიიჩნევს.