„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 75% არ ემხრობა მიმდინარე პროევროპულ აქციებს - კვლევა

პროევროპული აქცია თბილისში, პარლამენტის შენობასთან. 29 ივნისი

პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლის უმრავლესობა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მომხრეა, ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის უმრავლესობა კი - წინააღმდეგი. ამის შესახებ საუბარია „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ კვლევაში.

კითხვაზე, რამდენად ემხრობით მიმდინარე პროტესტს/აქციებს, პასუხები ასე გადანაწილდა:

პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლები:

  • „არ ვეთანხმები“ - 8%;
  • არც ვემხრობი და არც ვეწინააღმდეგები („50/50“) - 14%;
  • „ვემხრობი“ - 78%.

„ქართული ოცნების“ ამომრჩეველი:

  • „არ ვეთანხმები“ - 75%;
  • არც ვემხრობი და არც ვეწინააღმდეგები („50/50“) - 16%;
  • „ვემხრობი“ - 7%;
  • „არ ვიცი / უარი პასუხზე“ - 2%.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ:

  • მიმდინარე საპროტესტო აქციებს საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი (43%) ემხრობა (არ ემხრობა 35%);
  • მხარდაჭერა მნიშვნელოვნად იზრდება თბილისელებში (62%) და პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში (78%);
  • რეგიონებში საპროტესტო აქციებს არ ემხრობა 40%, ხოლო ემხრობა 35%;​
  • „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებში საპროტესტო აქციებს არ ემხრობა გამოკვეთილი უმრავლესობა (75%).​

ფრაგმენტი კვლევიდან

მოქალაქეებს ჰკითხეს, რამდენად ეთანხმებიან პროტესტის ერთ-ერთ მოთხოვნას, დემონსტრაციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული ადამიანების გათავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში პასუხები ასე გადანაწილდა:

პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლები:

  • „არ ვეთანხმები“ - 5%;
  • „ვემხრობი“ - 92%;
  • არ ვიცი / უარი პასუხზე - 3%.

„ქართული ოცნების“ ამომრჩეველი:

  • „არ ვეთანხმები“ - 50%;
  • „ვემხრობი“ - 40%;
  • „არ ვიცი / უარი პასუხზე“ - 10%.

ფრაგმენტი კვლევიდან

პროევროპულ აქციაზე ბათუმში, 12 იანვარს დააკავეს ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. მას პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 59% წაყენებულ ბრალს უსამართლოდ მიიჩნევს:

  • მზია ამაღლობელის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უსამართლოდ მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (59%);
  • უსამართლობის განცდა მაღალია რეგიონებშიც (54%), თუმცა, გაცილებით მაღალია თბილისელებში (70%).

კვლევის შესახებ

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ (ISSA) 2025 წლის ივნისში ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის განწყობებისა და მოსაზრებების შესწავლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა საქართველოს 2 ათასი სრულწლოვანი მოქალაქე. შერჩევის ცდომილება: ±2.2% , 95%-იანი სანდოობით გამოპასუხების წილი: 71%.

საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში. კვლევის დონორი იყო "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი", კვლევის განმახორციელებელი - "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი" (ISSA).