აქტივისტ ალბი კორძაიას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს პოლიციელ ჟამერაშვილთან შელაპარაკების გამო

ფოტოკოლაჟი: ალბი კორძაია (მარცხნივ) და ბიძინა ჟამერაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი ალბი კორძაია აცხადებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა პოლიციელ გიორგი ჟამერაშვილთან შელაპარაკების გამო. გადაწყვეტილება გამოაცხადა მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილმა.

„ვემზადები, მივდივარ ზაჰესის იზოლატორთან“, - დაწერა აქტივისტმა სოციალურ ქსელში.

სამოქალაქო აქტივისტი პოლიციელ გიორგი ჟამერაშვილს, რომელიც დაზარალებულია პროევროპულ აქციებზე დაკავებული მათე დევიძის საქმეში, ბათუმში 28 ივნისს შეხვდა.

„უარესს იმსახურებს ეგ ნამუსგარეცხილი, რომ მათე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა და ბათუმში ისვენებს. აი, ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ დღეს, სადაც არამზადა იმის გამო გიჩივის, რომ ეუბნები, ვინც არის“, - დაწერა ალბი კორძაიამ 30 ივნისს, როცა სასამართლოდან დაურეკეს და აცნობეს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ.

ასევე ნახეთ „ტკივილები მქონდა, კამერა არ მქონია“ - რა თქვა 21 წლის დევიძის საქმეზე პოლიციელმა სასამართლოში

ალბი კორძაიას ბოლო კვირების განმავლობაში უკვე მეორედ უფარდებენ ადმინისტრაციულ პატიმრობას. 4 ივნისს ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 10-დღიან პატიმრობაში გაუშვა, რადგან მიიჩნია, რომ მან „ქართული ოცნების“ დეპუტატ თეა წულუკიანს შეურაცხყოფა მიაყენა.

ალბი კორძაიამ რამდენიმე სხვა აქტივისტთან ერთად 11 აპრილს თეა წულუკიანის სახლთან აქცია გამართა. ისინი აპროტესტებდნენ პოლიტიკოსის განცხადებას 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის შესახებ - წულუკიანის თქმით, ის იყო „უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“. შსს-ს მტკიცებით, აქტივისტი წულუკიანის სახლთან ხმის გამაძლიერებლით იყო მისული და მას ეძახდა „რუსეთის მონასა“ და „ქვეყნის მოღალატეს“.