საქმე 4 ივლისს განიხილებოდა, გადაწყვეტილება კი დღეს, 8 ივლისს, გამოცხადდა. დეტალების შესახებ თავად აქტივისტი ჰყვება, თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურები კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
„სასამართლოზე ვთქვი, რომ ამხელა თანხის გადახდა შეუძლებელია ამ ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობისთვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ მარტოხელა დედა ვარ [დაუნის სინდრომის მქონე შვილის]. მაგრამ ეს არ იყო მათთვის ყურადსაღები, ეს გამოჩნდა გადაწყვეტილებაში“, - უთხრა ნინო კალანდიამ რადიო თავისუფლებას.
Your browser doesn’t support HTML5
შვილად აყვანა საქართველოში: როგორ გავხდი ანას დედა 9 წლის შემდეგ
მას „გზის გადაკეტვისთვის“ კიდევ ერთი ჯარიმა აქვს დაკისრებული, რის გამოც ჯამში გადასახდელი აქვს 35 000 ლარი. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამავე ბრალდებით გამოუწერა სხვა საჯარიმო ქვითრებიც, რომლებიც გასაჩივრებული აქვს და სასამართლო განხილვები არ დაწყებულა.
„არ ვაპირებ გადახდას რამდენიმე მიზეზის გამო: ჯერ ის, რომ არ მიმაჩნია თავი დამნაშავე, რუსთაველზე გავდივარ ჩემი შვილისთვის უკეთესი ქვეყნისა და მომავლის მოსაპოვებლად... შეუძლებელია ამ თანხის გადახდა, მით უფრო ადამიანმა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს“, - ამბობს ნინო კალანდია.
„ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში დაჩქარებული სახით მიიღო კანონი, რომლითაც შემდეგი კანონდარღვევის შემთხვევაში დააპატიმრებენ ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც „გზის გადაკეტვისთვის“ დაწესებულ ჯარიმას არ გადაიხდიან. ეს არ არის ერთადერთი კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“, პროევროპული აქციების პარალელურად, დემონსტრანტების შესაზღუდად მიიღო.
წაიკითხეთ მეტი მოსამართლე კობა ჩაგუნავაზე რა ვიცით მოსამართლეებზე, რომლებიც დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს განიხილავენკობა ჩაგუნავა 2020 წელს დაინიშნა მოსამართლედ, ხოლო 2023 წელს გამწესდა უვადოდ. მოსამართლეობამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე.
მას არაერთ გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, მათ შორის, ჩაგუნავამ განიხილა დაკავების დროს პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი დავით ქაცარავას საქმეც და მას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
აქციაზე დაკავების შემდეგ ნაცემი ქაცარავა. 14 მაისი, 2024 წ.
„სასამართლო გუშაგის“ მიერ სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმზე მომზადებულ ანგარიშში კობა ჩაგუნავაც მოხვდა. ორგანიზაციის ანგარიშით, მოსამართლე რევაზ ნადარაიას სახელს უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულის, კობა ჩაგუნავას კარიერული წინსვლა. ჩაგუნავა ნადარაიას თანასოფლელია.