ბათუმის ცენტრში, რესტორანში მოკლული კაცი თურქეთის მოქალაქეა

შემთხვევის ადგილი

საქართველოს საზღვაო კურორტის, ბათუმის ცენტრში მდებარე რესტორანში თურქეთის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. სროლის ხმა ნინოშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მიმდებარედ, „გრილ რესტორანში“ დაახლოებით 15:00 საათზე გაისმა.

სროლის შედეგად ჩაიმსხვრა რესტორნის მინები. გავრცელებულ ვიდეოკადრში ჩანდა იატაკზე პირქვე, უძრავად მწოლიარე კაცი, რომელსაც სისხლის კვალი ეტყობოდა. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით დადასტურდა, ის გარდაიცვალა.

„შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები... სამართალდამცველების მიერ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ასევე ნახეთ სროლა იყო ბათუმის ცენტრში მდებარე რესტორანში. სავარაუდოდ, არის მსხვერპლიც


გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, განზრახ მკვლელობისა (108) და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების (236) კვალიფიკაციით.