უკრაინაში დაღუპული 119 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცის ვინაობაა დადგენილი

სასაფლაო სანქტ-პეტერბურგში. 2024 წელი

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან ფრონტზე სულ მცირე 119 154 რუსი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ნათქვამია BBC-ის რუსული სამსახურის, „მედიაზონისა“ და მოხალისეთა ჯგუფის ერთობლივ ანგარიშში.

სია შედგენილია ღია წყაროების - სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების, ადგილობრივი პრესის რეპორტაჟების და სხვა მონაცემების საფუძველზე. რეალური დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს.

წინა ანგარიშის გამოქვეყნებიდან გასულ ორ კვირაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის ათასით გაიზარდა.

ყველაზე დიდი დანაკარგები კვლავ მოხალისეებს შორისაა - ომის დაწყებიდან 32 000-ზე მეტი დაიღუპა. დაღუპულთა რაოდენობით მეორე ადგილზე პატიმრები არიან (თითქმის 18 ათასი), ხოლო მესამეზე გაწვეულები (13 ათასზე მეტი).

ომის დროს დაღუპულთა საერთო რაოდენობიდან ხუთ ათასზე მეტი ოფიცერია.

ასევე ნახეთ „დედა! მენატრები, მალე სახლში ვიქნები, ნუ განიცდი“, - რუსეთში უვადოდ დაპატიმრებული მამუკა გაწერელიას ოჯახმა შეტყობინება მიიღო



მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთმა წლის დასაწყისიდან 100 000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ იგივე შეფასება 14 ივლისს გააკეთა.

სამხედრო მომხრე ბლოგერი პაველ გუბარევი მიიჩნევს, რომ ომის დაწყებიდან მილიონი ჯარისკაცი დაიღუპა, განმარტავს Mediazona.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ამერიკული ცენტრის შეფასებით, რუსეთმა ომის დაწყებიდან მილიონი ადამიანი დაკარგა, რომელთაგან 250 ათასი დაიღუპა. უკრაინის საერთო დანაკარგი 400 ათას ჯარისკაცად არის შეფასებული.

ოფიციალურად, როგორც რუსეთი, ასევე უკრაინა ძალიან იშვიათად აცხადებენ თავიანთ დანაკარგებს.

ასევე ნახეთ დრონები სასწრაფოს მანქანებში - როგორ იყენებს რუსეთი ექიმებს ომში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე


ასევე ნახეთ ანდრო გოცირიძე: „ასეთი ლეგენდის უკან შესაძლოა რუსული სპეცსამსახურები იდგნენ“