AFP-ის ცნობით, ვითარება ისე გამოიყურება, რომ ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმება შენარჩუნებულია მას შემდეგ, რაც დრუზმა მებრძოლებმა დაიბრუნეს კონტროლი ქალაქ სუვაიდასა და პროვინციაში განლაგებულ სამთავრობო უსაფრთხოების ძალებზე. გასულ კვირას მომხდარმა ძალადობამ 1000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
AFP-ის კორესპონდენტმა ქალაქ სუვაიდასთან ახლოს დაინახა წითელი ნახევარმთვარის სიმბოლოიანი სატვირთო მანქანებისა და სასწრაფო დახმარების მანქანების კოლონა, რომლებიც ქალაქისკენ მიემართებოდა.
"ეს ბოლო მოვლენების შემდეგ შემოსული პირველი კოლონაა და ის ამჟამად სუვაიდაში იმყოფება“, - განაცხადა სირიის წითელი ნახევარმთვარის მედიისა და კომუნიკაციების წარმომადგენელმა, ომარ ალ-მალკიმ.
მან AFP-ს განუცხადა, რომ ამ კოლონას სხვებიც მოჰყვება და თქვა, რომ ეს მოხდა „სამთავრობო უწყებებთან და სუვაიდის ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით“, რომლებსაც დრუზები აკონტროლებენ.
ასევე ნახეთ უფლებადამცველების ცნობით, სამხრეთ სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბასუვაიდაში ადამიანები სახლებში ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე არიან გამოკეტილი, საკვების მარაგი კი მწირია.
AFP-ის ფოტოგრაფის თანახმად, სუვაიდის მთავარი საავადმყოფოს მორგი სავსე იყო და მან შენობის გარეთ, ძირს დალაგებული გვამები ნახა.
მთავრობამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თავისი კოლონა, რომელიც 40-ზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების მანქანისგან შედგებოდა და რომელსაც სამი მინისტრი ახლდა, სუვაიდაში შესვლას ვერ ახერხებდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სუვაიდაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დრუზი რელიგიური ლიდერის, „ჰიკმატ ალ-ჰიჯრის ერთგულმა, კანონგარეშე შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა კოლონას შესვლის ნებართვა არ მისცეს.“
ხელისუფლებამ მკაცრად გააკრიტიკა ჰიჯრი მას შემდეგ, რაც მან დრუზებისთვის საერთაშორისო დაცვა მოითხოვა და დახმარების თხოვნით მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს.
მეზობელი ისრაელი, სადაც ასევე ცხოვრობს დრუზების თემი, სირიაში უმცირესობის დამცველად წარმოადგენს თავს.
ასევე ნახეთ თურქეთში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ