TI: ბათუმის „შერატონში“ ზვიად ქორიძეზე თავდამსხმელი 3000 ლარით დააჯარიმეს

ზვიად ქორიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, რომ მათი რეგიონული ოფისების მენეჯერზე, ცნობილ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტზე, ზვიად ქორიძეზე ბათუმის „შერატონში“ თავდასხმის გამო გოჩა სამხარაძის წინააღმდეგ სასამართლომ მხოლოდ 3000-ლარიანი ჯარიმა გამოიყენა.

განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა 24 ივნისს გამოაცხადა, ორგანიზაციამ კი ინფორმაცია გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გაავრცელა.

იმავე მოსამართლემ მედიაორგანიზაციების „ბათუმელებისა“ „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს, პატიმრობაში დატოვა.

„ეს საქმე სიმბოლურია იმით, რომ ბათუმური ინციდენტი, რომელიც ზვიად ქორიძეს შეემთხვა, მჭიდროდ არის დაკავშირებული მზია ამაღლობელის პროცესთან. მაშინ, როდესაც პოლიციელისთვის სახეში სილის გაწვნისთვის ჟურნალისტ მზია ამაღლობელს მინიმუმ 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება, ქორიძის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს შორის მხოლოდ ერთი დაისაჯა და ისიც შეუსაბამოდ ლმობიერი სასჯელით“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

მათივე ცნობით, ეს თავდასხმა ჯგუფური ხასიათის იყო და მასში ასევე მონაწილეობდნენ:

  • გიორგი მანველიძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე და იმჟამად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე;
  • რამდენიმე სხვა პირი.

„ჯგუფური ძალადობის მიუხედავად, ბრალი წარედგინა მხოლოდ ერთ პირს, დანარჩენი თავდამსხმელები დაუსჯელები დარჩნენ. პროკურატურამ განზრახ დამალა დანაშაულის სრული სურათი და სხვა მონაწილე პირების როლები ამ დანაშაულში“, - წერია ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში.

ზვიად ქორიძეს თავს ბათუმის „შერატონში“ 14 იანვარს, ღამით დაესხნენ. ის ამბობდა, რომ სასტუმროს ფოიეში ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვა პირები. მას დაზიანებები აღენიშნებოდა თვალის არეში.

ასევე ნახეთ ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით, ბათუმში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები

ზვიად ქორიძე შემთხვევის ადგილიდან სასტუმროს დაცვამ გაიყვანა, რის შემდეგაც ნომერში დაბრუნდა, დაახლოებით ოც წუთში კი კოლეგებისგან შეიტყო, რომ სასტუმროში თავს დაესხნენ გიორგი გახარიასაც.

ასევე ნახეთ ექიმის ცნობით, გიორგი გახარიას ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აქვს