ვუჩიჩი უარყოფს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

ალექსანდარ ვუჩიჩი, სერბეთის პრეზიდენტი

სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, მისი ქვეყანა არ გეგმავს სანქციების შემოღებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ - მიუხედავად ევროპული ინტეგრაციის საქმეების მინისტრ ნემანია სტაროვიჩის სიტყვებისა, რომ ამგვარი სანქციების დაწესება შესაძლებელია, ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების პირობით.

"ჩვენ არ შემოვიღებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენი პოლიტიკა ეფუძნება პრინციპებს და სახელმწიფო ინტერესებს", - ამბობს ვუჩიჩი გამოცემა Kurir-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ვუჩიჩმა "წინდაუხედავი" უწოდა სტაროვიჩის სიტყვებს, რომლებსაც მწვავე რეაქცია მოჰყვა რუსეთის მთავრობის მომხრე მედიაში, სადაც ეს განცხადება აღიქვეს ბელგრადის პოლიტიკის ბრიუსელისკენ შებრუნების ნიშნად. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, იგივე გამოცემები ამჟამად სერბეთის პოზიციას უწოდებენ "აწონ-დაწონილს" და "მეგობრულს".

ევროკავშირის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა იმედგაცრუება გამოთქვეს იმის თაობაზე, რომ სერბეთი კვლავაც უარს აცხადებს თავისი საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან შესაბამისობაში მოყვანაზე, თუმცა თან ევროკავშირის წევრობა სურს.

სერბეთის თავდაცვის სამინისტრომ ივნისში განაცხადა, რომ ქვეყანაში წარმოებული იარაღის ნებისმიერი სამომავლო ექსპორტისთვის საჭირო იქნება თანხმობა ეროვნული უშიშროების საბჭოს და სხვა შესაბამისი ორგანოების მხრიდან. სერბეთი ცოტა ხნის წინ მოექცა მოსკოვის ზეწოლის ქვეშ, რომელიც ბელგრადს ადანაშაულებდა იარაღის უკრაინაში ექსპორტში, მესამე ქვეყნების გავლით.

ვუჩიჩის თქმით, მან "პირადად დაწერა" უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება იარაღის ექსპორტის აკრძალვაზე. ვუჩიჩი ასევე ირწმუნება, რომ 1 ივლისის შემდეგ სერბეთს "არცერთი ტყვიის ექსპორტი არ განუხორციელებია" საზღვარგარეთ, "მაღალი მოთხოვნის მიუხედავად". ვუჩიჩის თქმით, სერბეთმა შეგნებულად დაუშვა ეკონომიკური სირთულეები, რათა "შეენარჩუნებინა მორალური და დიპლომატიური დამოუკიდებლობა".

ასევე ნახეთ “სამოქალაქო დაუმორჩილებლობა” სერბეთში - მასშტაბური აქციის შემდეგ, პროტესტი ხელისუფლებას ახალ თავსატეხს უჩენს