მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც 50 000-ლარიანი გირაოთი მის გათავისუფლებას გულისხმობდა.
ასევე ნახეთ „იყენებდა ძალაუფლებას“ - ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლი ჰყვება რატომ არ სჯიდნენ ექს-პარლამენტარს ძალადობისთვისლუკა კურტანიძეს ბრალად წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით გათვალისწინებული დანაშაული:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია);
- 11 პრიმა 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია);
- 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა).
მოჭიდავე ლუკა კურტანიძე, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ყოფილი პარლამენტარი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და შსს-ს აკადემიის ყოფილი პრორექტორი, ქობულეთში ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს. ძალადობის კადრები გავრცელდა სოციალური ქსელითაც.
კადრებში ჩანდა, რომ პოლიცია ცდილობდა შეეჩერებინა ლუკა კურტანიძე, რომელიც ყოფილ ცოლისკენ გინებით მიიწევდა. ამ დროს ქალი ძირს დაეცა.
ლუკა კურტანიძე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" (2015-2016 წლებში); საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 2012-2014 წლებში; შსს-ს აკადემიის პრორექტორი 2013-2015 წლებში. 2002 და 2003 წლებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. არის ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებით.