უკრაინის ქალაქ ლოზოვაზე ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასირებული შეტევა იყო - ქალაქის მერი

უკრაინის ქალაქ ლოზოვაზე რუსეთის ჯარების დარტყმით განადგურებული შენობები. 2025 წლის 5 აგვისტო

5 აგვისტოს რუსეთის ჯარებმა მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაზე. ქალაქის მერის, სერჰი ზელენსკის თანახმად, ეს იყო ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასირებული შეტევა.

ზელენსკის ტელეგრამ-არხზე დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, რა საშუალებებით განხორციელდა შეტევა.

მერის თანახმად, დაჭრილებს შორის ორი ბავშვია. დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, მრავალბინიანი სახლები და კერძო სექტორი. ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა.

დილის რვა საათისთვის უკრაინის რკინიგზამ განაცხადა, რომ მასირებული დარტყმის შედეგად ქალაქ ლოზოვაში დაზიანებულია რკინიგზის სადგურის შენობა და სხვა ობიექტები. დაიღუპა რკინიგზის ერთი თანამშრომელი და ოთხი დაიჭრა.

უკრაინის ქალაქ ლოზოვაზე რუსეთის ჯარების შეტევის ერთ-ერთი სამიზნე რკინიგზის სადგური იყო. 2025 წლის 5 აგვისტო

განახლება: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილის ათი საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ლოზოვაზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა. ქალაქში დანგრეულია რამდენიმე შენობა, ექვსი ხანძარი გაჩნდა ადმინისტრაციულ შენობებში, საწარმოებში და რკინიგზის სადგურში.

განახლება: შუადღის შემდეგ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი დაჭრილი. დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა.

ასევე ნახეთ Reuters: დრონებით შეტევის შედეგად რიაზანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება გაანახევრა

5 აგვისტოს რუსული დრონებით შეტევის შესახებ იუწყება ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი. მისი ინფორმაციით, ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ ბელენკოეში ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილის ცხრა საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 46 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატით და ერთი ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“.

საჰაერო ძალების თანახმად, მოგერიებულია 29 დრონი. უკრაინის აღმოსავლეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ რაიონებში დაფიქსირებულია 17 უპილოტო საფრენი აპარატით და ერთი რაკეტით პირდაპირი დარტყმა და მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენა.