Bloomberg: რუსეთი ტრამპის ულტიმატუმის ფარგლებში განიხილავს ჰაერში, მაგრამ არა ხმელეთზე დაზავების სცენარს

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების F-16 გამანადგურებლები კიევის მახლობლად. 4 აგვისტო, 2024.

კრემლი აწონ-დაწონის, რა დათმობებზე შეიძლება წავიდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ. განიხილება ვარიანტები, რომლების ფარგლებშიც შესაძლებელი იქნებოდა უკრაინასთან დაზავება ჰაერში, რათა თავიდან იქნეს აცილებული მეორადი სანქციები. მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავაც მზად არის, გააგრძელოს ომი, იტყობინება სააგენტო Bloomberg-ი.

ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ აშშ-ის სპეციალური წარგზავნილის, სტივენ უიტკოფის რუსეთში ვიზიტი, რაც მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი, უკანასკნელი შესაძლებლობაა ტრამპთან შეთანხმების მისაღწევად. თუმცა წარმატების მოლოდინი დიდი არ არის, უთხრეს სააგენტოს ინფორმირებულმა წყაროებმა.

მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი შესაძლო წინადადება შეიძლება იყოს ავიადარტყმების შეჩერება იმ პირობით, თუ უკრაინაც დასთანხმდება ამას, უთხრა Bloomberg-ს ერთ-ერთმა წყარომ.

როგორც სააგენტო წერს, ფრონტზე ცეცხლის საერთო შეწყვეტას პუტინი არ დასთანხმდება, ვინაიდან რუსეთის ჯარები განაგრძობენ ბრძოლის ველზე წინსვლას, რუსეთის სამხედრო მიზნები კი კვლავაც უცვლელი რჩება.

ასევე ნახეთ Reuters: ვლადიმირ პუტინი არ დაემორჩილება დონალდ ტრამპის ულტიმატუმს