გერმანიაში გამოკითხულთა უმრავლესობა ემხრობა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას

ღაზა, 2025 წლის აგვისტო

გერმანიაში ახლახან ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, უმრავლესობა ემხრობა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას - ნაბიჯს, რომელსაც ქვეყნის ფედერალური ხელისუფლება ამ ეტაპზე ეწინააღმდეგება.

ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო dpa, საქმე ეხება საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის, Forsa-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას.

შეკითხვას, "უნდა აღიაროს თუ არა გერმანიამ პალესტინა, როგორც თვითკმარი სახელმწიფო?" გამოკითხულთა 54-მა პროცენტმა უპასუხა "კი". ამავე კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა გამოკითხულთა 31-მა პროცენტმა.

გამოკითხვა ჩატარდა ივლისის ბოლოს, 1001 ადამიანს შორის. მხარდაჭერა ოდნავ უფრო მაღალი იყო აღმოსავლეთ გერმანიაში (59% ) ვიდრე დასავლეთში (53%). დადებითი პასუხის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი იყო 18-დან 29 წლის ასაკობრივ ჯგუფში (60%) და 60 წელს გადაცილებულებს შორის (58%). "მემარცხენე პარტიის" მხარდამჭერთა შორის პალესტინის აღიარებას ემხრობა 85%, მხარდაჭერა ასევე მაღალია მწვანეთა პარტიის (66%) და სოციალ-დემოკრატების (52%) ამომრჩევლებში. დადებითი პასუხის მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო კონსერვატიული CDU/CSU ალიანსის მომხრეებს (48%) და ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" მხარდამჭერებს (45%) შორის.

გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს მოდელს, რომლის ფარგლებშიც ისრაელელები და პალესტინელები მშვიდობიანად, გვერდიგვერდ იცხოვრებენ - თუმცა პალესტინის აღიარებას ის განიხილავს ბოლო ნაბიჯად სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში.

გაეროს 193 წევრი სახელმწიფოდან პალესტინა უკვე აღიარებული აქვს 150-მდე ქვეყანას. ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორში წარმოებული სამხედრო ოპერაციის ფონზე - რომელსაც ათიათასობით ადამიანი შეეწირა - ამ ნაბიჯის გადადგმას კიდევ მეტი სახელმწიფო განიხილავს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ამ ნაბიჯს სექტემბერში გადადგამს. გარკვეული პირობებით პალესტინის აღიარების გეგმით გამოვიდნენ კანადა და ბრიტანეთიც.

ასევე ნახეთ გერმანიამ შეაჩერა ისრაელში სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტი, რომელიც შესაძლოა ღაზაში გამოიყენონ