ტრამპს სურს უსახლკაროები ვაშინგტონიდან გაასახლოს

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 10 აგვისტოს გამოვიდა დაპირებით, რომ ქვეყნის დედაქალაქიდან გაასახლებენ უსახლკაროებს და დააპატიმრებენ დამნაშავეებს - მიუხედავად ვაშინგტონის მერის განცხადებისა, რომ ამჟამად არ აღინიშნება დანაშაულის მაჩვენებლის ზრდა.

"უსახლკაროები უნდა წავიდნენ, დაუყოვნებლივ. ჩვენ გამოგიყოფთ გასაჩერებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს. დამნაშავეებო, თქვენ არ უნდა წახვიდეთ. ჩვენ თქვენ ციხეში ჩაგსვამთ - იქ, სადაც თქვენი ადგილია", - წერს ტრამპი თავის პლატფორმა Truth Social-ზე.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ თეთრმა სახლმა უარი თქვა აეხსნა, რა სამართლებრივი უფლებამოსილება მისცემს ტრამპს საშუალებას, ვაშინგტონიდან ადამიანები გაასახლოს. პრეზიდენტი ქალაქში აკონტროლებს მხოლოდ ფედერალურ მიწას და შენობებს. ტრამპი ორშაბათს "ვაშინგტონში ძალადობრივი დანაშაულის გასაჩერებლად" პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს. უცნობია, გამოაცხადებს თუ არა ის მეტ დეტალს გასახლების გეგმის თაობაზე.

ტრამპის Truth Social-ით გამოქვეყნებული პოსტი მოიცავს ვაშინგტონის ქუჩებში კარვების და დაყრილი ნაგვის ფოტოებს. "მე ჩვენს დედაქალაქს გავხდი უფრო უსაფრთხოს და ყველაზე ლამაზს, ვიდრე ოდესმე ყოფილა", - აცხადებს პრეზიდენტი.

ორგანიზაცია Community Partnership-ი, რომელიც ქალაქ ვაშინგტონში უსახლკაროთა პრობლემის შემცირებაზე მუშაობს, აცხადებს, რომ ყოველ ღამით უსახლკარობის პრობლემა 3780-მდე ადამიანს აქვს ქალაქში, რომლის მოსახლეობაც 700 000-მდე ადამიანს შეადგენს.

უსახლკაროთა უმრავლესობა თავშესაფრებში ან დროებით საცხოვრებელში მიდის. 800-მდე პირი თავშესაფრის გარეშეა, ანუ ქუჩაშია, - აცხადებს ორგანიზაცია.

ვაშინგტონის დემოკრატი მერი მიურიელ ბაუსერი ამბობს, რომ დედაქალაქში არ აღინიშნება დანაშაულის მატება.

ქალაქის პოლიცია იუწყება, რომ 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებელი ქალაქში 26 პროცენტითაა შემცირებული, გასულ წელს მთლიანი დანაშაულის შემცირების მაჩვენებელი 7% იყო.