რუსთაველზე კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს - პოლიცია მოქალაქეებს პარლამენტის წინ გადასვლისკენ მოუწოდებს

რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტები პროტესტს განაგრძობენ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს გზის გადაკეტვის მცდელობისას.

19:50 განახლება: შსს-ის პრესცენტრის ცნობით, დაკავებულთა რაოდენობა ჯამში 23-მდე გაიზარდა. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

20:10 განახლება: დემონსტრანტებმა იუსტიციის სახლისკენ დაიწყეს გადაადგილება. აქცია გრძელდება.

ამჯერად შეხლა-შემოხლა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა ყოფილი „მაგთი ქლაბის“ მიმდებარედ.

სავარაუდოდ, კიდევ ერთი ადამიანის დაკავების შემდეგ, პოლიციის მაღალჩინოსანმა ლაშა ჯოხაძემ მოქალაქეებს განუცხადა: „რუსთაველზე მიბრძანდით, პარლამენტის წინ და გადაკეტეთ“.

რადიო თავისუფლება ცდილობს კიდევ ერთი დემონსტრანტის დაკავებაზე ინფორმაციის დაზუსტებას.

ჯოხაძემ რადიო თავისუფლებას პირდაპირ ეთერში დაუდასტურა, რომ მოქალაქეებს პარლამენტის წინ აძლევენ გზის გადაკეტვის უფლებას.

„თქვენი ნებართვა ამისთვის არ გვჭირდება“ - უპასუხეს ჯოხაძეს დემონსტრანტებმა.

ადგილზე იმყოფება „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარიაც.

მანამდე მცირე ხნით ადრე, პროტესტისას, გზის გადაკეტვის მცდელობისას, პოლიციამ მრავალი მოქალაქე დააკავა.

ოფიციალური ცნობებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 16 ადამიანი, თუმცა დემონსტრანტები ამბობენ, რომ დაკავებულთა რაოდენობა არის 19.

პარტია „დროას“ თანახმადაც, დაკავებულია 19 ადამიანი. სია ასეთია:

1. შუშანა მაცაბერიძე

2. თამარ ფერაძე

3. ბექა პაპაშვილი

4. თათია აფრიამაშვილი

5. ალბი კორძაია

6. თიკა პატარაია

7. დათა ქაშიაშვილი

8. დავით სეხნიაშვილი

9. ლუკა ჭოხონელიძე

10. ნენე გაბელაია

11. ლაშა დგებუაძე

12. ნიკა კორძაძე

13. ანა ჩრდილელი [თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად "ქართული ოცნების" სიით წარდგენილი ოთარ ჩრდილელის შვილი. ჩრდილელი საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის (2012 და 2016 წლების) დეპუტატია]

14. მარიამ უძილაური

15. ნინო ნაჭყებია

16. მარიამ ცომაია

17. რუსკა მაღრაძე

18. ანი ჭინჭარაული

19. დავით გუნაშვილი

შემთხვევის ადგილას გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია დემონსტრანტებს სთხოვს, „დაიწყნარონ ნერვები“ და ტროტუარებზე აკავებს მოქალაქეებს.

მოქალაქეები ჯერ პარლამენტის შენობასთან, შემდეგ რუსთაველის გამზირზე და ბოლოს უკვე იუსტიციის სახლისკენ მსვლელობით აპროტესტებდნენ საქართველოს სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის შედეგებს.

ასევე ნახეთ თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი კომისიის ანგარიში წარადგინა - მთავარი მოკლედ

ამასთან, 2 სექტემბერსვე გამოცხადდა „დემონსტრაციებზე ძალადობის“ საქმეზე დაკავებული რვა მოქალაქის განაჩენი.

სამ მათგანს ორ-ნახევარი წლით, ხუთს კი ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ასევე ნახეთ 8 დემონსტრანტის საქმეზე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენი გამოაცხადა