ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2200-ს გადააჭარბა

სახლის ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ ავღანეთში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ. 2 სექტემბერი, 2025

თალიბანის მთავრობის წარმომადგენელმა 4 სექტემბერს განაცხადა, რომ კვირის დასაწყისში ავღანეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად განადგურებულ მთის სოფლებში კიდევ ასობით ცხედარი იპოვეს, რის შედეგადაც დაღუპულთა რიცხვმა 2200-ს გადააჭარბა.

დაღუპულთა უმრავლესობა ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ქუნარის მცხოვრები იყო. 31 აგვისტოს ღამით მომხდარი 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ამ რაიონში იყო. რამდენიმე სოფელი მთლიანად განადგურებულია.

ასევე ნახეთ ავღანეთში 1100-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

მანამდე ვარაუდობდნენ, რომ დაღუპული იყო 1400-მდე ადამიანი. თალიბანის წარმომადგენელმა, ჰამდულა ფიტრატმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ დაღუპულთა განახლებული რიცხვი 2205-ს შეადგენს და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

„ხალხისთვის კარვებია გაშლილი და პირველადი დახმარებისა და სასწრაფო დახმარების მარაგების მიწოდება გრძელდება“, - თქვა ფიტრატმა.

უხეში რელიეფი ხელს უშლის სამაშველო სამუშაოებს. თალიბანის ხელისუფლებამ ვერტმფრენები და ჯარისკაცები დაიხმარა გადარჩენილების დასახმარებლად. მაშველებს საათობით ფეხით სიარული უწევთ, რათა მეწყრისა და ქვების ჩამოშლის შედეგად განადგურებულ სოფლებამდე მიაღწიონ.