სამიდან ორი დააკავეს დემონსტრანტებზე ძალადობის გამო, ერთი დაკავებული კი არის დემონსტრანტი, რომელსაც ბანერის დაზიანებას ედავებიან.
სამივე მათგანი სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული.
დაკავებულთა შორისაა:
- 1965 წელს დაბადებული ზაზა მამალაძე - რომელმაც ფიზიკურად იძალადა (სახეში გაარტყა ახალგაზრდა გოგოს ხელი) და მოგვიანებით უხამსი ჟესტით მიუთითებდა დემონსტრანტებს საკუთარ გენიტალიაზე.
- 2003 წელს დაბადებული ირაკლი ბუაჩიძე, - რომელსაც აქციაზე ჰქონდა ხელკეტი, რომელიც ჩაარტყა ერთ-ერთ დემონსტრანტს; ასევე მოგვიანებით პოლიციელს, რომელმაც ხელკეტი წაართვა, მიმართა: „თქვენიანი ვარ“.
„გამოძიების თანახმად, ორმა დაკავებულმა ... 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს“, - წერს შსს.
ასევე ნახეთ
კალაძის ბანერის „დაზიანების“ გამო სისხლის სამართლის წესით აქტივისტი მეგი დიასამიძე დააკავესრაც შეეხება მესამე დაკავებულს - სისხლის სამართლის წესით დაკავებული აქტივისტი არის მეგი დიასამიძე.
პოლიციის ბრალდების თანახმად, მან მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის „საარჩევნო ბანერი დააზიანა“.
როგორც დემონსტრანტების ნაწილი წერს, დიასამიძემ გუშინდელ, 9 სექტემბრის აქციაზე მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, კალაძის ბანერს დააწერა რუსული ოცნება“. წარწერა მალევე წაშალეს.
შსს-ის ცნობითვე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს:
- 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილი - (ჯგუფური ძალადობა, რაც ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან ორ წლამდე პატიმრობით).
- 162-ე პრიმა მუხლი - „კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა“. ეს მუხლი ისჯება 2 წლამდე პატიმრობით.
- 187-ე მუხლი - ნივთის დაზიანება ან განადგურება. ამ მუხლის პირველი ნაწილი ისჯება „ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 180 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.
ასევე ნახეთ
კალაძის შტაბთან დაპირისპირებაში "იმედის" ჟურნალისტიც მონაწილეობდა - ვინ სცემდა მოქალაქეებსაქციები და ძალადობა კალაძის შტაბთან
ბოლო რამდენიმე დღეა, კახა კალაძის შტაბი საპროტესტო აქციების ახალი ეპიცენტრი გახდა.
8 სექტემბერს დემონსტრანტებზე პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა იძალადეს.
დაპირისპირების კადრებში ჩანს, რომ ხელისუფლების მომხრეები ფიზიკურად უპირისპირდებიან არა მხოლოდ დემონსტრანტებს, პოლიციელებსაც. პოლიციელები მათზე ძალადობას უარყოფენ.
8 სექტემბრის აქციაზე დემონსტრანტებზე, დაკავებული ორი ადამიანის გარდა, „ქართული ოცნების“ სხვა წევრებიც ძალადობდნენ.
მათ შორის ალექსანდრე მუკათარიძე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი.
აქცია 9 სექტემბერსაც გაიმართა - სწორედ ამ აქციაზე დააზიანეს კალაძის საარჩევნო ბანერი, რაზეც იმავე საღამოს დაიწყო გამოძიება.
აქცია იმართება დღესაც, 10 სექტემბერსაც.
განახლება: ინფორმაცია განახლდა დაკავებული დემონსტრანტის ვინაობის მითითებით.