„მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ შემთხვევაში, როცა საჯარო მოსამსახურე მსხვილ საჩუქარს (დიდი ოდენობით თანხა ან მაღალი ღირებულების ნივთები, მომსახურება) ადეკლარირებს, ანტიკორუფციულმა ბიურომ შეისწავლოს, ხომ არ აქვს ადგილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მცდელობას“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.
ასევე ნახეთ დეპუტატი ენუქიძე Tesla-ს აქციებს აღარ ფლობს - დეკლარაციათანამდებობაზე მუშაობის დროს მშობლებმა 100 000 ლარზე მეტი აჩუქეს:
- ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს;
- იუსტიციის ყოფილ მინისტრს, რატი ბრეგაძეს;
- საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, გიორგი მიქაუტაძეს.
კვლევაში გამოყოფილია 10 მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელე, რომლებსაც ყველაზე დიდი ღირებულების საჩუქრები აქვთ მიღებული:
- გიორგი შაფათავა - პროკურორი
გიორგი შაფათავამ 1 012 000 დოლარი (ლარის 2023 წლის საშუალო კურსით, 2 661 600 ლარი) მიიღო საჩუქრად. კერძოდ, 870 000 დოლარი მიიღო მამისგან, ხოლო 142 000 დოლარი - დისგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ მამისგან საჩუქარი უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიიღო.
- ირაკლი კირცხალია - „ქართული ოცნების“ დეპუტატი
ირაკლი კირცხალიამ 2023 წელს 250 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება მიიღო მამისგან საჩუქრად. ასევე მამისგან მიიღო საჩუქრად 185 900 დოლარი და 137 000 ლარი ფულადი თანხა. დისგან მიიღო 1 714 დოლარი ფულადი თანხა. ლარის 2023 წლის საშუალო კურსით, ირაკლი კირცხალიამ 1,3 მლნ ლარის ჯამური ღირებულების საჩუქრები მიიღო.
- ვახტანგ ბააკაშვილი - ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილე
ვახტანგ ბააკაშვილის მეუღლემ თინათინ მეგრელიშვილმა მამისგან 295 000 დოლარის ღირებულების ბინა მიიღო საჩუქრად, რაც ლარის 2023 წლის საშუალო კურსით, 775 800 ლარია.
- ხათუნა თოთლაძე - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ხათუნა თოთლაძემ 250 000 დოლარი მიიღო დედისგან, რაც ლარის 2023 წლის საშუალო კურსით, 657 500 ლარია.
- დავით წერეთელი - მოსამართლე
დავით წერეთელმა 2023 წელს 156 000 დოლარის ღირებულების ბინა მიიღო დედისგან საჩუქრად, რაც ლარის 2023 წლის საშუალო კურსით, 410 000 ლარია.
- ლევან გამყრელიძე - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ლევან გამყრელიძემ 150 000 დოლარის ფულადი თანხა მიიღო დედისგან საჩუქრად, რაც ლარის 2023 წლის საშუალო კურსით, 395 000 ლარია. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ დედისგან საჩუქარი მიწის ნაკვეთის გასხვისების შედეგად მიიღო.
- ზურაბ პატარაძე - აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
ზურაბ პატარაძემ 75 000 დოლარი ფულადი თანხა მეუღლის დედისგან მიიღო, ხოლო 65 000 დოლარი - დედისგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ორივე თანხა მისცეს უძრავი ქონების გასხვისების შედეგად. ლარის 2023 წლის საშუალო კურსით, ზურაბ პატარაძემ 368 000 ლარის ჯამური ღირებულების საჩუქრები მიიღო.
- სანდრო ცაბუტაშვილი - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსი
სანდრო ცაბუტაშვილმა დისგან მიიღო 142 500 ლარის და 17 640 დოლარის ფულადი თანხა. 70 000 ლარი სიმამრისგან მიიღო (მითითებულია, როგორც საქორწინო საჩუქარი). მისმა მეუღლემ ელენე ჯიხვაშვილმა მამისგან მიიღო 63 000 ლარის, 10 100 ევროს და 1200 დოლარის ფულადი თანხები. ლარის 2023 წლის საშუალო კურსით, სანდრო ცაბუტაშვილმა და მისმა მეუღლემ 353 000 ლარის ჯამური ღირებულების საჩუქრები მიიღეს.
- ვეფხია ლომიძე - მოსამართლე
ვეფხია ლომიძემ მეუღლისგან, ნინო ჯინჭარაძისგან 300 000 ლარის ღირებულების სარდაფი (კომერციული ფართი) მიიღო საჩუქრად.
- დავით ზილფიმიანი - ყოფილი დეპუტატი
დავით ზილფიმიანმა შვილიშვილისგან 105 000 დოლარის ფულადი თანხა მიიღო საჩუქრად, რაც ლარის 2023 წლის საშუალო კურსით, 276 000 ლარია.
ასევე ნახეთ 349 ათასი ლარი იყო ნათია თურნავას ხელფასი 2024 წელს - დეკლარაციადეკლარაციების ვებგვერდი ექვსი თვის განმავლობაში გათიშული იყო. ანტიკორუფციულ ბიუროში ამბობდნენ, რომ ეს იყო „ტექნიკური ხარვეზი“, რომელიც, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კომუნიკაციის შემდეგ აღმოიფხვრა.
ასევე ნახეთ კახა კალაძემ 4,6 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა იყიდა - დეკლარაცია