განაჩენი რამდენიმე თავს მოიცავს: წაყენებული ბრალი, სასამართლოს მიერ „დადგენილი“ ფაქტები, „მტკიცებულებათა ერთობლიობა“, „სასამართლოს შეფასება“.
„დადგენილი ფაქტები“
ნინო გალუსტაშვილი ყველა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტად წერს, რომ თითოეული მათგანი „უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს“, რაც გამოიხატა სხვადასხვა ნივთის სროლაში. თუმცა თითქმის 9-თვიანი განხილვებისა და არაერთი ექსპერტიზის მიუხედავად, მაინც ვერ დაადგინეს, კონკრეტულად რა ნივთები ისროლეს მსჯავრდებულებმა:
- რუსლან სივაკოვი - „ისროდა გაურკვეველ საგანს, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს“;
- სერგეი კუხარჩუკი - „ისროდა ქვის მსგავს საგანს, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს“;
- რეზო კიკნაძე - „ისროდა ქვის მსგავს საგანს, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს“;
- ანდრო ჭიჭინაძე - „ისროდა ჯოხის მსგავს საგანს, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს“;
- ჯანო არჩაია - „ისროდა გაურკვეველ საგანს, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს“;
- ლაშა ჯაბუა - „ისროდა გაურკვეველ საგანს, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს“;
- ონისე ცხადაძე - „ისროდა ჯოხისა და ბოთლის საგნებს, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს“;
- ვალერი თეთრაშვილი - „ისროდა ბოთლის მსგავს საგანს და მოგრძო ნივთს, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს“;
- ირაკლი ქერაშვილი - „ისროდა პიროტექნიკურ საგანს, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს“;
- გიორგი ტერიშვილი - „ისროდა მოგრძო ნივთს, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს“;
- გურამ მირცხულავა - „ისროდა გაურკვეველ საგანს, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს“.
ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების 11-კაციანი ჯგუფის სასამართლო სხდომა
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
„არ იცის, თუ ვინ დააზიანა, თუმცა თუ დადასტურდება, რომ ბრალდებულთაგან რომელიმემ მიაყენა დაზიანება, მაშინ მის მიმართ ექნება პრეტენზია“, - ასე სრულდება სასამართლო სხდომებზე გამოკითხული ყველა პოლიციელის ჩვენება, რომელიც 11 დემონსტრანტის გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ყველაზე დიდ ადგილს იკავებს.
საქმეში დაზარალებულის სტატუსით გამოჰკითხეს პოლიციელები:
- გიორგი ზაბახიძე - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი დეტექტივი - ნასროლი ქვა მოხვდა თვალში;
- ნიკოლოზ ხურცილავა - ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომელი - ქვა მოხვდა სახის არეში;
- საბა ნაბახტეველი - კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი - ქვა მოხვდა შუბლში;
- გიორგი ჯანიკაშვილი - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი (გდდ) - ქვა მოხვდა თავის არეში...
სასამართლო სხდომებზე შსს-ის კიდევ არაერთი თანამშრომელი გამოჰკითხეს - ზოგს დაზარალებულის სტატუსი აქვს, ზოგი კი საგამოძიებო მოქმედებაში იღებდა მონაწილეობას: გაჩხრიკეს დაკავებულთა სახლები, ამოიღეს მათი ტანსაცმელი და დაათვალიერეს მობილური ტელეფონები.
საქმეში მტკიცებულებებად დევს, 4-, 6-, 8-წამიანი ვიდეოები, რომლებშიც ბრალდებაში აღწერილი დანაშაულის ჩადენა უნდა ჩანდეს. მსჯავრდებულების ამოსაცნობად ჩატარდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზებიც.
წარდგენილ ბრალში, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში ორგანიზებას გულისხმობს, თავს დამნაშავედ არცერთი დემონსტრანტი არ ცნობდა.
ნინო გალუსტაშვილის განაჩენის დასაბუთება
მოსამართლე გალუსტაშვილმა მოიშველია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და აღნიშნა, რომ „შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო, იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში“.
ფოტოკოლაჟი განაჩენიდან
განაჩენში წერია, რომ ვიდეოჩანაწერებით, გამოკითხვის ოქმებითა და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები იღებდნენ „ჯგუფურ მოქმედებაში“ მონაწილეობას და ისროდნენ სხვადასხვა საგანს. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდება (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი) უნდა გადაეკვალიფიცირებინა საზოგადოების წესრიგის დამრღვევ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობად (მუხლი 226).
„სასამართლო სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას ითვალისწინებს ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ირაკლი ქერაშვილის, სერგეი კუხარჩოკის, ჯანო არჩაიას, რუსლან კუხარჩუკის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, გიორგი ტერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და ვალერი თეთრაშვილის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, ბრალდებულების ასაკს, მათ პიროვნებას, წარსულ ცხოვრებას, ქცევას სასამართლო განხილვის დროს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდებულების მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების რეალურ განხორციელებას და იქნება სასამართლოს მხრიდან გამოვლენილი არაგონივრული ლმობიერება“, - დაწერა ნინო გალუსტაშვილმა 94-გვერდიან განაჩენში.