კობახიძემ ბაბიშს მიულოცა ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება

ანდრეი ბაბიში ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია ANO-ს გამარჯვების გამოცხადების შემდეგ. პრაღა, 2025 წლის 4 ოქტომბერი

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს და მის პოპულისტურ მოძრაობა ANO-ს.

დღეს, 6 ოქტომბერს სოციალურ ქსელ X-ში, კობახიძის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, ის ბაბიშს უსურვებს წარმატებას ძლიერი და ეფექტიანი მთავრობის ფორმირებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩეხი ხალხის წინსვლას და კეთილდღეობას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო მოუთმენლად ელის ჩეხეთთან პარტნიორობის „განახლებულ თავს" და კავშირების გაღრმავებას.

ჩეხეთის დღევანდელი მთავრობა პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას ხელმძღვანელობით, რომელიც ახალი მთავრობის ფორმირებამდე იმუშავებს, მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას. ჩეხეთის მიერ სანქცირებულია საქართველოს ხელისუფლების არაერთი მაღალჩინოსანი.

ასევე ნახეთ ჩეხეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს შს მინისტრის მოადგილეს, სამ მოსამართლესა და ერთ პროკურორს

ჩეხეთში 3-4 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად პირველ ადგილზე გავიდა ანდრეი ბაბიშის პოპულისტური პარტია ANO, თუმცა მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი ხმები ვერ მიიღო და კოალიციის შესაქმნელად სხვა პარტიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების კოალიცია Spolu, რომლის ლიდერი ჩეხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალაა, მეორე ადგილზე გავიდა.

პარლამენტის მანდატები მოიპოვა კიდევ ოთხმა პარტიამ. მათ შორის ულტრამემარჯვენე SPD-მ და ევროსკეპტიკოსების მემარჯვენე-პოპულისტურმა პარტიამ „ავტომობილისტები”. ბაბიშის პარტია ANO ამ ძალებთან აპირებს კოალიციის შექმნას.

მილიარდერი ბიზნესმენი ანდრეი ბაბიში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი იყო 2017-2021 წლებში და ამ თანამდებობის დაკავება სურს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემდეგაც.

ანდრეი ბაბიში ევროსკეპტიკოსად ითვლება და კარგი ურთიერთობები აქვს უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებთან, ვიქტორ ორბანსა და რობერტ ფიცოსთან, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც მოსკოვთან კავშირები შეინარჩუნეს.

ასევე ნახეთ ჩეხეთის პრემიერობის პრეტენდენტი ბაბიში აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირისთვის მზად არ არის

2025 წლის სექტემბრის ბოლოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპულ „მოქმედების და სოლიდარობის პარტიას", რომელმაც არჩევნებში დაამარცხა პრორუსული პარტიების ბლოკი.

ასევე ნახეთ "ოცნება" მოლდოვას არ ულოცავს, არც მოლდოვამ მიულოცა - რა განსხვავებაა ორს შორის?